''სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარაშიც იმავე მოდელით განხორციელდება, როგორც სხვაგან'' - თორნიკე რიჟვაძე 

06 თებერვალი 2019, 00:00 1610 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მსგავსი პროექტი რეგიონშიც განხორციელდება, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ყველა სოფელში მივლენ და მოსახლეობის წინადადებებსა და შემოთავაზებებს ადგილზე განიხილავენ. 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შეკრებები, რომელიც პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს. სწორედ მსგავს შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს - რისი გაკეთება სურთ მოქალაქეებს თავიანთ სოფელში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე: ვინ ჩაატაებს კრებებს და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ რეგიონში? თორნიკე რიჟვაძე ასე პასუხობს: ''სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იმავე მოდელით განხორციელდება, როგორც არის სხვაგან. როგორც მე ასევე მთავრობის სხვა წევრებს ექნებათ ძალიან აქტიური და ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. თითოეულ ​სოფელში მივა ჩვენი წარმომადგენელი და ადგილზე განიხილავს კონკრეტულს საკითხებს და წინადადებებს, რომელიც სოფლის მოსახლეობას აქვს''. 

ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ხელისუფლებამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა. 2009 წელს დაწყებული და  2017 წელს შეჩერებული პროგრამა, ამჯერად 30 მილიონით შემცირებული ბიუჯეტით დაბრუნდა. თუ გასულ წლებში სოფლების საჭიროებებზე  50 მილიონი ლარი იხარჯებოდა, ამჯერად ეს ციფრი 20 მილიონზე დავიდა. 25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ პროგრამას კიდევ 20 მილიონი ლარი დაემატება,  თუმცა ცენტრიდან თუნდაც გაზრდილი ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამის სიკეთეებით ვერ ისარგებლებს აჭარის 322 სოფელი.

19 იანვარს, პრემიერ მინისტრმა დააანონსა, რომ მსგავსი პროექტი რეგიონშიც განხორციელდებოდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში 2009 წელს დაიწყო და 2017 წლამდე მოქმედებდა.

ამავე კატეგორიაში