''ნაციონალური მოძრაობა'' - ხელისუფლებას წინასწარ არ დაუგეგმავს და არც ბიუჯეტშია ''ოცნების ქალაქის'' საკითხი ასახული

06 თებერვალი 2019, 00:00 1934 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის საკითხზე აჭარის მთავრობის განცხადებას ეხმაურება. დეპუტატი გია აბულაძე პრობლემის გადაჭრის ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას არც მიმდინარე წლის ბიუჯეტში აქვს ასახული ამ დასახლების პრობლემის მოგვარების ფინანსური ნაწილი და არც 2022 წლამდე სამოქმედო გეგმაში წერია ამის შესახებ არაფერი.

"აჭარის მთავრობის საშუალო სამოქმედო გეგმა, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტთან ერთად დაამტკიცა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, არსადაა ნახსენები "ოცნების ქალაქის" პრობლემების მოგვარების საკითხი. ჩვენ მოვითხოვეთ ბიუჯეტშიც და სამოქმედო გეგმაში ასახულიყო ეს საკითხი, თუმცა არ გაითვალისწინეს. ახლა კი ამბობენ, რომ მარტში შემოიტანენ ბიუჯეტს და ცვლილებებს განახორციელებენ. ეს საკითხი ცოტა ეჭვს იწვევს, რადგან თუ არ მოხდება გათვლა წინასწარ და პრობლემის მოგვარების დაგეგმვა, არ მივიღოთ სიტუაცია, როცა რამდენიმე მილიონის ათვისება, რამდენიმე წელზე გაიწელება" - აცხადებს გია აბულაძე. 

ამასთან, გია აბულაძე ითხოვს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა, რომელიც ამ დასახლების პრობლემის გადაჭრის საკითხს ეხება. 

"თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ცვლილებები განხორციელდება ბიუჯეტში, მოვითხოვთ უმაღლეს საბჭოში მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ჯგუფების ინიციატივების განხილვა. ჩვენი წინადადება სოციალური სახლების შექმნას, პარალელურად კი სამრეწველო ზონის გაკეთებას გულისხმობს ამ ტერიტორიაზე, სადაც სამუშაო ადგილები გაჩნდება. სახლების მშენებლობის პარალელურად კი, ამ ადამიანების პროფესიული გადამზადება უნდა მოხდეს, ამით მივიღებთ ახალ დასახლებას, სადაც სამუშაო ადგილების პრობლემაც მოიხსნება" - ამბობს გია აბულაძე. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში