ბათუმში მულტიმოდალური გადატვირთვის  ტერმინალი გაიხსნება

07 თებერვალი 2019, 00:00 2791 ნახვა

დღეს ბათუმში, საზღვაო ნავსადგურში, მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნება. მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

პროექტის ფარგლებში მოპირკეთდა დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ტერიტორია. მომზადდა და გამოიყო პარკირების ადგილი, საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისათვის. დამატებით მოეწყო ცარიელი კონტეინერების შენახვისა და დასაწყობების ადგილი, ასევე სარკინიგზო ჩიხი.

''ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა. 

''ნავსადგურის საქონელბრუნვის ეფექტურობის უზრუნველყოფასა და საავტომობილო მოძრაობისათვის დაბრკოლებების შექმნის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვნი როლი ითამაშა საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტმა. ხიდის გახსნამ შესაძლებლობა მისცა შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“ გაეკეთებინა 280მ სიგრძის შიდა ბეტონის გზა ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის, რაც საშუალებას იძლევა განცალკევდეს საკონტეინერო და საბორნე-სახმელეთო გადაზიდვები და განიტვირთოს ნავსადგურის მთავარი შესასვლელი. ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით''  - წერია პრეს რელიზში. 

პროექტის ავტორების განმარტებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ, საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით გაიზრდება.

გახსნის ცერემონიალს საქართველოსა და აჭარის მთავრობის წევრები დაესწრებიან. 

ამავე კატეგორიაში