9 დეპუტატი ითხოვს სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს

07 თებერვალი 2019, 00:00 1662 ნახვა

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატი ითხოვს შეჩერდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციებში. ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ოთარ ჩრდილელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და დავით ჭიჭინაძემ საკანონდებლო ინიციატივით პარლამენტს დღეს, 7 თებერვალს მიმართეს. 

დეპუტატებმა მოთხოვნა პრესკონფერენციაზე გაახმოვანეს. ისინი ''საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას მოითხოვენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, 2024 წლის ბოლომდე, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების პროცესი შეაჩეროს.

''შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ განმწესება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, კონსტიტუციის გარდამავალი დებულების თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე'' - წერია დოკუმენტში. 

კანონპროექტი მიზნად ისახავს გატარდეს სასამართლო რეფორმა, რომელიც დეპუტატების განცხადებით, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. 

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ახალი მოსამართლეები მოსვლა მართმსაჯულების ხარისხს გააუმჯობესებს. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში