შენობების სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება 3 დღეში დაიწყება - დარღვევებზე გაზრდილია სანქციები

11 თებერვალი 2019, 00:00 1851 ნახვა

14 თებერვლიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობების შემოწმებას იწყებს.

კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შემოწმებას თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა დაექვემდებარა.  უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

შემოწმება 3 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, შენობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა  შესასრულებლად.

განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.

ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, უწყება სასამართლოს მიმართავს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერებას.

"სტატისტიკის მიხედვით, იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ყველა შენობაში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა" - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა.

უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს. "სამსახურის ინტერესში არ შედის სანქციების გატარება. მთავარი ინტერესია, ყველგან დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, გასცეს კვალიფიციური რეკომენდაციები და დააწესოს გონივრული ვადები პრობლემების აღმოსაფხვრელად" - წერია განცხადებაში. 

სანქციები: 

• სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობაზე სანქცია 500 ლარია.  ოდენობით

• იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით

შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალების არ ქონა ჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით

• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1000 – 5000 ლარამდე

შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით

• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000 – 10000 ლარამდე

• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით

• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით

• წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3000 – 5000 ლარამდე

• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა 1000 ლარის ოდენობით 

ამავე კატეგორიაში