ვინ ამარაგებს პროდუქტით საბავშვო ბაღებს და როგორია კონტროლის მექანიზმი?

19 თებერვალი 2019, 00:00 1843 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი არ ფიქსირდება - ამის შესახებ აცხადებენ ბათუმის მერიაში და სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურში. ბაღების გაერთიანებაში კი ხორცის შემოწმების მკაცრ ეტაპებზე ამახვილებენ ყურადღებას. ეჭვი საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცით შესაძლო მომარაგების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა ბრიფინგი და მიმწოდებელი კომპანიის იდენტიფიცირება დაიწყო. კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს  ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში შპს „ნარგულ“-ია, მინდობით აღჭურვილი პირი კი შპს „ელენიკოს“ მფლობელი.

ცნობისთვის სწორედ „ელენიკო“ მოხვდა გასულ წელს შავ სიაში, მას სამტრედიაში დაუდგინდა საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი ბაღებში. მოხვდა აუდიტის დასკვნაშიც - ამ შემთხვევაში საუბარია ქობულეთზე. აუდიტს მითითებული ჰქონდა რომ 2017 წლის პირველ კვარტალში „ელენიკოს“ ქობულეთის ბაღებში ხორცი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეჰქონდა. გარდა ამისა, შარშან ამავე კომპანიას ორ შემთხვევაში დაუწუნეს ხორცი შეფერილობის გამო. ახლა ისევე როგორც აჭარის მუნიციპალიტეტების ბაღებს, სამტრედიის ბაღებსაც იგივე პირი ამარაგებს, ოღონდ შპს „ნარგულ“-ის სახელით. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში