ლონდონის თეატრი ბათუმში ''მაიმუნების შოუს'' ითამაშებს

20 თებერვალი 2019, 00:00 1735 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რამდენიმე თვეში ბრიტანელ კოლეგებს უმასპინძლებს. ლონდონის თეატრის -"მარიონეტების" დასი ბათუმში "მაიმუნების შოუს" ითამაშებს.

ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ "მარიონეტების" თეატრი, რომელიც გემზეა განთავსებული, მაღალი პროფესიონალიზმით, ორიგინალურობითა და კრეატიულობით გამოირჩევა.

დასის წევრები ბათუმელებისთვის წარმოდგენას გაზაფხულზე, მხოლოდ ერთი დღით გამართავენ. 3 დღის განმავლობაში კი თოჯინების თეატრის დასისთვის მასტერკლასების ჩაატარებენ.

„თეატრში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავდგათ მარიონეტების სპექტაკლი. დასს სჭირდება სპეციფიკის გახსენება, ვარჯიში. ლონდონელი კოლეგები ბათუმში „მაიმუნების შოუს” ითამაშებენ, რომელიც არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებზეც არის გათვლილი. ეს იქნება ძალიან სანახაობრივი, ვფიქრობ, საუკეთესო სპექტაკლი, რასაც ჩვენი მაყურებელი იხილავს“, - ამბობს გიორგი ჩხაიძე.

ლონდონელების გასტროლი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის თოჯინების თეატრის დასი დიდ ბრიტანეთის თეატრებს  სტუმრობდა. 

"გვინდოდა წამოეღოთ რაღაც ისეთი, რაც დაინერგებოდა და გახდებოდა აპრობირებული ბათუმის თეატრში, ჩვენ მეტი გამოცდილების დაგროვება გვჭირდება. ნებისმიერმა თანამშრომელმა უნდა აიმაღლოს კვალიფიკაცია, სრულყოს პროფესიონალიზმი, რათა სათანადო, მხატვრული ღირებულებების პროდუქტი შეიქმნას" - გვითხრა სამხატვრო ხელმძღვანელმა. 

ძალიან მალე თოჯინების თეატრი თოჯინებისა და მარიონეტების მაღაზიას ხსნის, სადაც სპექტაკლის გმირების მცირე ზომის ანალოგები, ასევე, სხვა თეატრალური პროდუქცია გაიყიდება. 

პარალელურად დასი 4 პრემიერისთვის ემზადება. ერთი სპექტაკლით მაყურებლის წინაშე უკვე გაზაფხულზე წარსდგებიან, 3 სპექტაკლი კი ეტაპობრივად, აპრილამდე დაიდგმება. 

 

ავტორი: ლოლა ტომასიანი 

 

ამავე კატეგორიაში