ბათუმის სანაპიროზე ''საზანდარისა'' და რამდენიმე ობიექტის მეპატრონეებმა მუშაობის ნებართვა ვერ წარმოადგინეს

25 თებერვალი 2019, 00:00 4944 ნახვა

ბათუმის სანაპირო ზოლში, ძველი ბულვარის პარალელურად,  5 ჯიხურის მეპატრონემ და  რესტორან "საზანდარის" ადმინისტრაციამ ბათუმის მერიას მუშაობის ნებართვის შესახებ დოკუმენტი ვერ წარმოუდგინა   - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურმა განუცხადა. 

ირაკლი მოქაიას თქმით, ამ ეტაპზე ობიექტის მფლობელებმა ვერ წარმოადგინეს ნებართვის ფურცელი, თუმცა უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მუშაობის დაწყების დროს, მათ ნებართვა ჰქონოდათ. 

როგორც გაირკვა სანაპირო ზოლს მერია მანამდე ნაკლებად ამონიტორინგებდა, უწყება აქტიურ მუშაობას მაისიდან დაიწყებს.

 "ძველ ბულვარზე ობიექტების მონიტორინგს აქტიურად მაისიდან დავიწყებთ. იმ ობიექტის მეპატრონეები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ნებართვას, მათ მოუწევთ საკუთარი სახსრებით ობიექტის დემონტაჟი, ამასთან დაჯარიმდებიან 3000 ლარით" - განაცხადა ირაკლი მოქიამ.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში