მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურვის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

27 თებერვალი 2019, 00:00 1398 ნახვა

ირღვევა თუ არა მოქალაქის უფლება გაიგოს, როგორ წარსდგა მოსამართლეობის კანდიდატი გასაუბრებაზე და რამდენად არის კონსტიტუციური გასაუბრების სხდომის დახურვა - ხვალ, 28 თებერვალს,  საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხის არსებითად განიხილავას იწყებს. 

სარჩელი  „ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ შეიტანა.  მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ დადგენილი „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი" ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს.

მოსარჩელე ამბობს, რომ არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

„ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება საჯარო ინტერესის საგანია, იუსტიციის საბჭოს მიერ გასაუბრების სხდომის დახურვა კი არღვევს დაინტერესებული პირების უფლებას გაეცნონ, როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

"აგრეთვე არ არის ხელმისაწვდომი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციის მოპოვებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. შესაბამისად, სადავო რეგულაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ უფლებებს," - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში, სადაც მოსარჩელე მხარის არგუმენტებია წარმოდგენილი. 

საქმეს არსებითად  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

ამავე კატეგორიაში