8 წელი აგვისტოს ომიდან

07 აგვისტო 2016, 00:00 3471 ნახვა

დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 8 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის 2008 წლის 7 აგვისტოს, დაიწყო. 8 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში “კონსტიტუციური წესრიგის” აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თანახმად შეწყდა. რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიაში "5-დღიანი ომის" სახელით შევიდა. ომის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლები, იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა.

ამავე კატეგორიაში