''დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა'' - დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა

28 თებერვალი 2019, 00:00 1938 ნახვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, 2016 წელს, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

საგამოძიებო ორგანო პოლიციელს, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.

„დავამტკიცეთ, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე არის უდანაშაულო. უზენაესმა სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა“, – განუცხადა პირველ არხს ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედებოდა, სასამართლომ ის ორივე ნაწილში უდანაშაულოდ სცნო. 

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 2016 აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.

პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო, 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 2016 წლის 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა.

დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილი დედის სახელზე დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. ახალგაზრდა მამაკაცი წერს რომ, მას ადგილობრივი პოლიციელი მასთან თანამშრომლობას აიძულებდა.

სიკვდილის წინ დაწერილ წერილში დემურ სტურუა წერდა, რომ პოლიციელი იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა მარიხუანა დათესილი. ინფორმაციის არ მიწოდების შემთხვევაში კი მას მოკლავდნენ.

გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობდა და  წერდა, , რომ ის მანქანაში სცემეს.

"გემშვიდობებით ყველას, დედა. დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,"- წერდა წერილში დემურ სტურუა. 

ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, დაიწყო ქვეყნაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლები.  

 

ფოტო: on.ge 

 

ამავე კატეგორიაში