''სილქ როუდ ჯგუფის'' განაშენიანების რეგულირების გეგმა - თორნიკე რიჟვაძის შეფასება

01 მარტი 2019, 00:00 1953 ნახვა

ზღვასთან ახლოს ცათამბჯენების მშენებლობაზე ჩვენ კითხვა მთავრობის თავმჯდომარესაც დავუსვით, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ყველა მსგავსი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქის ინტერესს და საკანონმდებლო მოთხოვნებს. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია განსხვავებული აზრის წარმომადგენლებთან, თუმცა აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას.“ ჩვენ ვუთხარით თორნიკე რიჟვაძეს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქცია არ გამართულა დღეს და პროტესტი კვლავ სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა გამოხატეს, ამის შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარემ ჩვენთან ეთერში გასული გადაცემა ახსენა, სადაც ელგუჯა ბაგრატიონი და პეტრე ზამბახიძე იყვნენ მოწვეულები.

რიჟვაძის თქმით როცა ისინი აკრიტიკებენ ქალაქის ურბანულ განვითარებას მათ კითხვები მათი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც უნდა დავუსვათ. ამ პასუხის განმარტება ვთხოვეთ მთავრობის თავმჯდომარეს, ხომ არ აკრიტიკებს იგი გადაცემას, საპასუხოდ კი გვითხრა რომ ეს მხოლოდ რჩევაა და ოპოზიციისგან განსხვავებით ამ ხელისუფლებას სამთავრობო ტელევიზია არ აქვს.

ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძე სავარაუდოდ გადაცემას „მთავარი აჭარაში“ გულისხმობდა, სადაც ოპოზიციასთან ერთად მმართველი გუნდიც იყო მოწვეული, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში