რა წერია სპეციალისტების რეკომენდაციაში რომელიც ბათუმის მერს გაუგზავნეს

04 მარტი 2019, 00:00 1911 ნახვა

ზონების კორექტირებული ვერსია მოკლებულია დარგობრივ არგუმენტაციას - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბათუმის ისტორიული დაცვის ზონასთან დაკავშირებით, მერიას რეკომენდაციების დოკუმენტს უგზავნის. 

საბჭო მერიას რეკომენდაციას აძლევს, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის პროცედურა, "გეოგაფიკის" მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით გააგრძელოს.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ისტორიული ქალაქის მდგრადი განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების სრული დაცვით უნდა მოხდეს. 

1. მიესალმება ქ. ბათუმის მინიციპალიტეტის მერიის მიერ გაწეულ ძალისხმევას საქართველოს კანონის "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" შესაბამისად შეიმუშაოს ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონები მისი შემდგომი დადგენის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ისტორიული ქალაქის შემდგომი მდგრადი განვითარება კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების სრული დაცვით;

2. იმ ტერიტორიების სენსტიურობისა და დაცულობის საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც ამოღებულ იქნა პროექტის კორექტირებული ვერსიიდან, და ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი კვლევებისა და არგუმენტაციის არქონის გამო, უარი ეთქვას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდროების ზოგადი დამცავი ზონების კორექტირებულ ვერსიას;

3. ამასთან, საბჭო რეკომენდაციას უწევს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, განაგრძოს ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის შესაბამისი პროცედურა შპს "გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგაფიკის" მიერ შემუშავებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტის მიხედვით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შეხვედრა 2019 წლის 15 თებერვალს გაიმართა. საბჭოს წევრები ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდროების ზოგადი დამცავი ზონების პროექტს“ და ასევე შპს "გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი ”გეოგრაფიკი“-ის მიერ შედგენილ თავდაპირველ დოკუმენტს გაეცნენ, რომელიც ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 13 დეკემბერს წარადგინეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში