სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები დაწესდება

10 მარტი 2019, 00:00 2858 ნახვა

სასკოლო ექსკურსიებზე 2020 წლიდან ახალი რეგულაციები დაწესდება. რეგულაციების თანახმად, ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან უნდა ახლდეს პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი, ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.

გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების შესახებ, ინფორმაცია ღონისძიების ინსტრუქტორის, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდავის კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის გამართულობასა და ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ.

თუ კი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი. ბავშვის ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება სანიტარული პირობების დაცვით უნდა ხორციელდებოდეს.პირობების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ამავე კატეგორიაში