ბორანოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

13 მარტი 2019, 00:00 13718 ნახვა

ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.​

ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. 

ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია. ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი ყველი. ის მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. 

''მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება განვითარება მესაქონლეობის წიაღში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის სახეობათა ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.

ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს'' - წერია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად, ეროვნულ სააგენტოში  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ,,ბორანოს’’ შესახებ მომზადდა და გაიგზავნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. 

24 იანვარს კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ''ხაჭაპურის ტრადიციას'' მიენიჭა

ამავე კატეგორიაში