''კლანი უნდა წავიდეს'' - არასამთავრობოების პროტესტი პარლამენტში 

15 მარტი 2019, 00:00 1717 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, სადაც დღეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უნდა იმსჯელონ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სპეციალურად დამზადებული მაისურებით მივიდნენ. 

''კლანი უნდა წავიდეს'' - ასე ფიქრობს მესამე სექტორი. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები  ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს. ასევე, არცერთ წარმოდგენილ კანონპროექტს არ ექნება შედეგი, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლო სისტემას არ დატოვებს.

''მნიშვნელოვანია ხელისუფლებას, პარლამენტს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ამ ცვლილებებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის გავლენიანი ჯგუფი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ კლანი სასამართლო სისტემიდან წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მცდელობა ეს არის შელამაზება და ის ვერ აზღვევს იმ პრობლემებს, რომელიც სასამართლოს წინაშე არის. ამიტომ თუ ვინმე იკითხავს, რომელ კანონპროექტს ვუჭერთ მხარს, კიდევ ერთხელ ვამბობ კანონპროექტებს კი არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ კლანის სასამართლო სისტემიდან წასვლას'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საია-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ

პარლამენტში დღეს ეკა ბესელიას, ირაკლი კობახიძისა და ''ევროპული საქართველოს'' ინიციატივებზე უნდა იმსჯელონ. 

24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. სიას საზოგადოების, არასამთავრობოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკული შეფასება მოყვა, ხოლო მმართველ გუნდში მალევე დაპირისპირება დაიწყო.

სიისადმი პროტესტის მიზეზით ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში