როგორ უნდა მოიქცეთ თუ საპენსიო ფონდში ფულის დაგროვება აღარ გსურთ

19 მარტი 2019, 00:00 14216 ნახვა

საქართველოში უკვე მესამე თვეა საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. ის მოქალაქეები, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტომდე გახდნენ 40 წლის, მათთვის საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება ნებაყოფლობითია. ხოლო 40 წლამდე მოქალაქეებისთვის სავალდებულო. 

თუ თქვენ, 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წლის იყავით და სხვადასხვა მიზეზის გამო, აღარ გსურთ საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება, მარტის ბოლოდან გაქვთ საშუალება გამოხვიდეთ სისტემიდან. 

საპენსიო ფონდში აცხადებენ, რომ ამისთვის განცხადების დაწერა იქნება საჭირო. საპენსიო ფონდიდან გასასვლელად თქვენ სოციალური სააგენტოს ფილიალებში მოგიწევთ მისვლა და განცხადების დაწერა. სააგენტოში თქვენი განცხადების ელექტრონულ ვერსიას ადგილზევე მოგაწვდიან, ხელს მოაწერთ და აღარ დააგროვებთ თანხას, რომელიც საპენსიო ფონდში თქვენს ანგარიშზე ირიცხებოდა. 

თუ თქვენ ფიზიკურად არ შეგიძლიათ სოციალურ მომსახურების სააგენტოში მისვლა, მაშინ მინდობილობის გაკეთება დაგჭირდებათ, რომელიც ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული. 

თუ თქვენ საბოლოოდ გადაწყვიტეთ უარი თქვათ დაგროვებით პენსიაზე, მაშინ განცხადების დაწერიდან 30 კალენდარულ დღეში, სამი თვის განმავლობაში დაგროვებული თანხის უკან დაგიბრუნდებათ. თუმცა დაგიბრუნდებათ თქვენი ხელფასიდან გადახდილი 2%-ტი და არა მთლიანი თანხა, რომელიც რეფორმის თანახმად, თქვენთან ერთად თქვენმა დამსაქმებელმა და სახელმწიფომ გადარიცხა. 

მაგალითად: თუ გაქვთ 1000 ლარი ხელფასი საპენსიო ფონდში თქვენი გადარიცხული თანხა, სამი თვის განმავლობაში, 60 ლარი იქნება. 60 ლარს გადარიცხავდა სახელმწიფოც და ამდენივეს დამსაქმებელი. თქვენ საპენსიო ანგარიშზე ახლა 180 ლარი იქნება დაგროვებული, თუმცა უკან მხოლოდ 60 ლარი, თქვენს მიერ გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ. 

საპენსიო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მისამართებს, სადაც მოქალაქეებმა განცხადება უნდა დატოვონ, კვირის ბოლომდე ოფიციალურად გამოაქვეყნებენ. 

"ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მსურველი არ იქნება, ვისაც საპენსიო დაგროვებით სისტემიდან უნდა გასვლა" - ფიქრობენ სააგენტოში. 

საქართველოს მასშტაბით სოციალური სააგენტოს 69 ფილიალი მუშაობს. ბათუმში სოციალური სააგენტო ტაბიძის 2 ნომერში მდებარეობს. 

აქ შეგიძლიათ თქვენი პირადი ანგარიში შეამოწმოთ და დანაზოგი, რომელიც თქვენს საპენსიო ფონდში ინახება

https://agency.pensions.ge/ge/login

ამავე კატეგორიაში