ნათია ზამბახიძე: ''არ ყოფილა შემთხვევა თეთრ სახლს და კონგრესს მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოს''

19 მარტი 2019, 00:00 1550 ნახვა

„რადიო თავისუფლების“ საქართველოს სამსახურის უფროსი ნათია ზამბახიძე, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით თეთრი სახლის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, საერთაშორისო ხარჯებს შემცირება და “რადიო თავისუფლების“ სამი სამსახურის, მათ შორის საქართველოს სამსახურის დახურვა სურს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ნათია ზამბახიძე ამბობს, რომ აშშ-ის საბიუჯეტო განხილვები რთული და ხანგრძლივი პროცესია და არ ახსოვს კონგრესს და საბოლოოდ თეთრ სახლს მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოს, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. . „მე არ მახსოვს კონგრესს და საბოლოოდ თეთრ სახლს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტების- დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოს, განსაკუთრებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში, რომელიც რუსეთის გავლენების გაძლიერებისთვის ჰიბრიდული თუ კონვენციური ომის ფრონტის წინა ხაზზე არიან, და განსაკუთრებით იქ, სადაც ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რადიო თავისუფლების მენეჯმენტი პრაღაში სრულად იაზრებს და იზიარებს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მნიშვნელობას და გავლენას; ის პროცესი, რომლის მოწმენით ვართ ახლა, ამ ეტაპზე არის 2020 წლისთვის აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის შედგენის დაწყება და ასახავს თეთრი სახლის გადაწყვეტილებას, მკვეთრად შეამციროს დაფინანსება მრავალი ფედერალური მიმართულებით; წინ კონგრესისა და თეთრი სახლის მოლაპარაკებების რამდენიმე თვეა, რომელიც ვფიქრობ, რომ, როგორც გასულ წელს, როგორც წინა წლებში, მთლიანად რადიო თავისუფლების, და არა მარტო ქართული სამსახურის, კვლავ სრული მოცულობით დაფინანსებით დასრულდება“ - წერილობით უპასუხა საზოგადოებრივ მაუწყებელს ნათია ზამბახიძემ. ამასთან, ნათია ზამბახიძე ამბობს, რომ "აშშ საბიუჯეტო განხილვები რთული და ხანგრძლივი პროცესია. იწყება მოლაპარაკებებით თითოეულ ფედერალურ სამსახურთან, გრძელდება საბიუჯეტო წინადადებების შედგენით, ამ წინადადებების კონგრესში წარდგენით, ხანგრძლივი და რთული დებატებით, დისკუსიებით კონგრესის ორივე პალატის კომიტეტებში, სანამ საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ".

ამავე კატეგორიაში