არ მგონია იქ სივრცე იმაზე მეტად ჩაიკეტოს, ვიდრე ამ წუთას არის ჩაკეტილი - მერი ''ლუჟკოვის სახლზე''

20 მარტი 2019, 00:00 4071 ნახვა

ბათუმის მერი ამბობს, რომ ე.წ. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟი და მის ნაცვლად მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, ქალაქის განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯია. 

ლაშა კომახიძემ დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ აღნიშნულ ზოლში სავარაუდოდ, სივრცე იმაზე მეტად არ ჩაიკეტება, ვიდრე ახლა არის.

''ვფიქრობ რომ ე.წ ლუჟკოვის სახლის ათვისება და მის ადგილზე სასტუმროს აშენება, ისევე როგორც სხვა ადგილებში უსახური შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული ობიექტების ათვისება, მათ ადგილზე კი ახალი ტურისტული ობიექტების შექმნის პროგრესული ნაბიჯია ქალაქმშენებლობის და ქალაქის განვითარების მიმართულებით. დღეს ჩვენ გვაქვს შენობა, რომელიც არის დიდ ტერიტორიაზე განთავსებული, რომელიც თუ ქუჩის მხრიდან შევხედავთ გაცილებით უფრო დიდ ბარიერს ქმნის ზღვისპირა ზოლზე, ვიდრე მის ნაცვლად თუნდაც ორი ან მეტი შენობის დადგმა. შემოტანილი იქნება პროექტი, დაიწყება საჯარო განხილვა. კონკრეტული პროექტის შემოტანამდე თავს შევიკავებ კომენტარისგან, თუცა არ მგონია იქ სივრცე იმაზე მეტად ჩაიკეტოს, ვიდრე ის ამ წუთას არის ჩაკეტილი'' - ამბობს ქალაქის მერი. 

რაც შეეხება გამწვანების ფართობს, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთში მრავალსართულიანი სასტუმროების აშენების შემდეგ დარჩება. ლაშა კომახიძემ თქვა: ''ცოტა უხერხულია მწვანე ზოლზე საუბარი, როდესაც წლებია ეს ტერიტორია სამშენებლო პირობებშია და იქ სამშენებლო მასალებია განთავსებული. ის ტერიტორია ნამდვილად არ წააგავს მწვანე ზოლს. მის ადგილზე შენობები განთავსება, რომელთა შორის იქნება სივრცეები და მართლაც შეიქმნება მწვანე ტერიტორია. ვფიქრობ გაცილებით უკეთესი მოცემულობაა ქალაქისთვის''. 

მერიამ რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე არსებულ ტერიტორიას, საცხოვრებელი ზონის სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით უნდა შეუცვალოს. მერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებაში საშიში და საგანგაშო არაფერია. ზონა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შეიცვლება, რომ საცხოვრებელი სახლის ნაცვლად სასტუმრო აშენდეს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ცვლილებაში ცუდ ვერაფერს ხედავს. 

ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილას დაგეგმილი ცათამბჯენების პროექტის შესახებ, ბათუმის მერიისა და კომპანია ''ალიანს სიტის'' წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს დღეს მერიაში შეხვდებიან. პროექტს საზოგადოებას გააცნობენ და განაშენიანების რეგულირების გეგმის შესახებ მოსაზრებებს მოისმენენ. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ერთი შენობა 50-სართულიანი, ხოლო ორი 40-45-სართულამდე სიმაღლის იქნება.

ამავე კატეგორიაში