რატომ სთხოვენ განმარტებებს ''კუბთაუერის'' შეჩერებულ მშენებლობაზე სოფო ხალვაშს

22 მარტი 2019, 00:00 1682 ნახვა

ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა, საკრებულოს სხდომაზე განცხადებები გააკეთეს და ქალაქში წარმოშობილ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს. 

უფრო კონკრეტულად კი დეპუტატმა პატრიოტთა ალიანსიდან არჩილ მამულაძემ მ.ვარშანიძის ქუჩასა და ევროპის მოედანზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და მერიისგან დროული რეაგირება მოითხოვა. 

დეპუტატებმა საკრებულოში ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის საკრებულოზე დაბარებაც მოითხოვეს,  14 -ე საბავშვო ბაღში  ჩამოშლილი ჭერის გამო შექმნილ სიტუაციაზე სასაუბროდ. დეპუტატები თვლიან, რომ საბავშვო ბაღებში დაგროვებულ პრობლემებზე საჯაროდ მსჯელობა აუცილებელია.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა რაულ თავართქილაძემ კი პარკინგის მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა და პრობლემაზე, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომობილებს უკავშირდება - "ნახავთ კონკრეტულ ადგილებში თვეობით გაჩერებულ მანქანებს, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიას არეკლამებენ'' - ამბობს დეპუტატი. 

ასევე, თავართქილაძე აღნიშნავს, რომ პრობლემაა სასაფლაოებამდე მისასვლელი გზებიც და ითხოვს, აღდგომის დღესასწაულამდე გზები მოწესრიგდეს. საკრებულოს თავმჯდომარემ რაულ თავართქილაძეს უპასუხა, რომ ​''შესაბამისი უწყებები საკითხზე მუშაობენ და მოქალაქეებს არანაირი შეფერხება არ შეექმნებათ''.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დადგა წლებია გაჩერებულ "კუბთაუერის" მშენებლობას ეხებოდა.   გოგებაშვილის ქუჩაზე ''კუბთაუერის'' მშენებლობის მენეჯმენტში, ოპოზიციის თქმით, ვიცე მერის - სოფო ხალვაშის ოჯახის წევრები იყვნენ და შეფერხების მიზეზებიც ვიცე-მერს ეცოდინება.  ოპოზიციური პარტიის წევრები სოფო ხალვაშს სთხოვენ გააკეთოს ამ საკითხზე განმარტება.

ბათუმის ვიცე-მერი სოფო ხალვაში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს პასუხობს და ამბობს, რომ ბიზნესთან და მშენებლობებთან არანაირი შეხება არ აქვს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში