ი.სესიაშვილის კანონპროექტი სამხედრო სამსახურში გაწვევაზე

24 მარტი 2019, 00:00 1139 ნახვა

აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი, რომლის ინიციატორიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.  რელიგიურმა კონფესიებმა, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ინიციატივა დისკრიმინაციულად შეაფასეს. ის მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.

კანონპროექტით, მღვდელმსახურება აღარ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი. კანონის შესაბამის, 30-ე მუხლში გაუქმდება ის ნორმა, რომელიც წვევამდელ მღვდელმსახურებს ამ უფლებას აძლევდა. გამონაკლის მდგომარეობაში აღმოჩნდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წარმომადგენლებიც, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ძალით შეინარჩუნებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების უფლებას.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გასულ წელს გაწვევის გეგმა 40 პროცენტზე მეტით ჩავარდა და მისი ვარაუდით, მალე შესაძლოა ქვეყანას იმაზე მეტი მღვდელმსახური ყავდეს, ვიდრე ჯარისკაცი. მისი დაკვირვებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ხელისშემშლელი პირველი პრობლემა ხელოვნურად შექმნილი რელიგიური ორგანიზაციებია. მაგალითად პოლიტიკური მოძრაობა“გირჩი“ მოჰყავს, რომლის მიერ დაარსებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ - „ბიბლიური თავისუფლება“  2 წლის განმავლობაში 15 000-მდე ადამიანს გადაუვადა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.  თავდაცვის სამინისტროში ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტზე შეფასებებს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში