რაში დაიხარჯა 3 000 000 პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

26 მარტი 2019, 00:00 2183 ნახვა

ახალი სასაფლაოს მშენებლობის საკითხზე აჭარის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. 

ჩაქვში სასაფლაო მოსაწყობად 2014 წელს ბიუჯეტიდან 3 მილიონი 390 ათასი ლარი გამოიყო, ფული გაიხარჯა, თუმცა 5 წლის შემდეგაც სასაფლაო არ ამოქმედებულა. შპს “მამისონმა", რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რამდენჯერმე გადაავადა სამუშაოები. 2018 წელის იანვარში კი შპს "სასაფლაოებმა" სამუშაოები ჩაიბარა. ობიექტმა არსებული ხარვეზების გამო ფუნქციონირება ვერ დაიწყო. სასაფლაოზე წყლის სისტემა არასწორად არის დამონტაჟებული. ვიდრე ხარვეზი არ გასწორდება, შპს "ბათუმის წყალი" სისტემაში წყლის დაერთებას ვერ ახერხებს. 

სასაფლაოების საკითხი აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. მონიტორების შეფასებით 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი, ხარვეზების დაფიქსირების გამო ექსპლუატაციაში ვერ შევიდა. დასკვნაში მიზეზად უხარისხოდ შესრულებული საპროექტო სამუშაოების არადროული გამოვლენა და მასზე არასათანადო რეაგირება დასახელებული. 

აიპი ბათუმის ''სასაფლაოების'' ხელმძღვანელმა, 13 მარტს  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სამუშაოების ხარისხი თავადაც დაიწუნეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უკვე მიმართეს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ჩაიბარეს თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული პროექტი? ავთანდილ ბურკაძემ თქვა, რომ მაშინ დაქირავებულმა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოჩინა. 

აუდიტის დასკვნისა და რეკომენდაციების შემდეგ, ბათუმის მერმა ძალოვან უწყებებს მიმართა. აუდიტის სამსახურმა ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის მონიტორის შედეგები საქართველოს პროკურატურაში გადააგზავნა.

ამავე კატეგორიაში