ხელვაჩაურისათვის ძველი ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს

29 მარტი 2019, 00:00 1502 ნახვა

სამთავრობო კომისიას ხვალ გადაეგზავნება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელვაჩაურს საშუალება ექნება 2011 წელს ბათუმისთვის გადაცემული მიწები უკან დაიბრუნოს. ბათუმის მერიაც თანახმაა, მუნიციპალიტეტს ის ტერიტორიები გადასცეს, სადაც დაბა და ადმინისტრაციული ცენტრია განთავსებული.

მიწა, სადაც ხელვაჩაურის მერიის შენობა დგას, ამ დრომდე ქალაქ ბათუმის ფარგლებშია.  

ხელვაჩაურს 555 ათას 442 კვ.მ ტერიტორიას დაუბრუნებენ, ეს არის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ფანასკეტელ-ციციშვილისა და გრიგოლ რობაქიძის ქუჩებს შორის მოქცეული მონაკვეთი.

ხელვაჩაურმა, ქალაქის მერიას ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით, გასული წლის სექტემბერში მიმართა. საკითხზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა. ხელვაჩაურის საკრებულომ სპეციალური კომისიაც შექმნა. კომისიის წევრებმა იმუშავეს, შეადგინეს რუკა და გეგმა, ასევე განსაზღვრეს ტერიტორიები, რომლის უკან დაბრუნებაც სურდათ.  

საკითხის განხილვის პროცესში მოსახლეობაც გამოკითხეს. 246 ოჯახიდან 225 თანახმა იყო, 8 თავი შეიკავა, 13 კი წინააღმდეგი წავიდა. 

ხელვაჩაურისათვის ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე სამთავრობო კომისიის წევრები უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში