თბილისში აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა

01 აპრილი 2019, 00:00 1865 ნახვა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, პოლიციამ „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აიყვანა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გზის გადაკეტვის მცდელობისას დაიწყო. მოქალაქეებმა ჭავჭავაძის 5 ნომერში, იმ სამშენებლო ობიექტის ჯებირი დაამტვრიეს, სადაც გუშინ ორი მუშა დაიღუპა.

ორგანიზაცია ''ახალგაზრდა მწვანეების'' ინფორმაციით კი აქციაზე დააკავეს: ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.

პოლიციის განყოფილებაში, სადაც აქციაზე დაკავებული მოქალაქეები გადაიყვანეს ომბუდსმენი მივიდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო  დამცველის აპარატის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და დეტალებს აზუსტებენ. 

" ჩვენ გვაქვს მანკიერ, ბოროტ სისტემასთან საქმე, რომელიც ანადგურებს ქალაქს. ამ გაუმაძღარი ბიზნესმენების ლობირებითთბილისს ახრჩობენ. თოჯინების თეატრში ვიმყოფებით, ყველაფერი ემსახურება ერთი მუჭა მდიდრების ინტერესებს და მათი გამდიდრების ხარჯზე ნადგურდება ხალხი'' - თქვა სიტყვით გამოსვლისას გიორგი მაისურაძემ. 

„გუშინ 9 საათის მერე ქალი იდგა და ელოდებოდა თავისი ქმარი ეპოვნათ, არცერთი ხელისუფლების წარმომადგენელი მასთან არ მოვიდა და არ მოიკითხეს თუ როგორ იყო, რა ხდებოდა'' - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შრომის ეფექტური ზედამხედველობის ამოქმედებამდე მშენებლობები უნდა შეჩერდეს. 

''პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გადაავადა შრომის ინსპექტირების მექანიზმების ამოქმედდეს. ეს მენეჯმენტი, ვინც ბიზნესებს მართავს, ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. ჩვენ ვითხოვთ შეაჩერონ მშენებლობები მანამდე, სანამ არ დაიგეგმება შრომის ეფექტური ზედამხედველობა. თუ ამას არ გააკეთებს სახელმწიფო, ამას ავიღებთ ჩვენს თავზე და პარტიზანულად გავაკონტროლებთ" - განაცხადა Emc-ის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო. მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც გუშინ ორი მუშა დაიღუპა. ისინი ადგილზე პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის, ჯანდაცვის მინისტრის  დავით სერგეენკოსა და თბილისის მერის კახი კალაძის მისვლას ითხოვდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში