ხელვაჩაურის მერი: ''თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, მათ შორის მეც, ვაგებთ პასუხს''

02 აპრილი 2019, 00:00 2055 ნახვა

ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ფინანსურმა პოლიციამ დღეს, 2 აპრილს, ახალშენის კულტურის სახლის სამშენებლო ოქმში აღმოჩენილი ხარვეზების გამო დააკავა. სხვა დეტალებზე მერი არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს კიდევ დადგეს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

„არ ვიცი, შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო, თუ ვინმეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი, მათ შორის მეც, ვაგებთ პასუხს“ - განაცხადა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, მერიაში თანამშრომლის დაკავების საკითხზე კომენტირებისას.

მერი აცხადებს, რომ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა მათგან საქმეზე ზოგადი განმარტება მიიღო.  „რაც ვიცი სადაოა ფორმა ორი, რაც შესრულებული სამუშაოების აღწერის დროს დგება. საუბარია სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე," - აზუსტებს ჯუმბერ ვარდმანიძე და ადასტურებს, რომ დაკავება ერთ-ერთ ობიექტს ეხება, რომელიც აუდიტის დასკვნაში უარყოფითად შეფასდა.

ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მერიიდან 4 მარტს გაიტანა

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში