ქურდულ სამყაროს წევრობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი

02 აპრილი 2019, 00:00 3058 ნახვა

ქურდულ სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირებიდან დღეს სასამართლოში ბრალდებულ შოთა კეკელიძის ნაწილში დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე, რომელმაც  ბრალდებულის  ქურდულ სამყაროს წევრობა  ან გარჩევებში მონაწილეობა  არ დაადასტურა. თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა ზაალ ახვლედიანისთვის სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა მოსამართლეს. მან განმარტა, რომ ეს  ბრალდებულის ახლობლების სურვილი იყო.

ზაალ ახვლედიანმა კი მისი ადვოკატების ფრიდონ სიხუაშვილის და პაატა ნაკაიძის  სხდომაზე დაბრუნება მოითხოვა. ბრალდებულს პრეტენზიები აქვს საგამოძიებო უწყებასთან. მან პროკურორი დაცვის მხარისთვის ძირითადი მტკიცებულების, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის  დაგვიანებით გადაცემასა და ალტერნატიული ექსპერტიზის  ჩატარების ხელშეშლაში დაადანაშაულა. პროკურორის მტკიცებით დაცვის მხარეს გამოსაკვლევი ობიექტი გონივრულ ვადაში გადაეცა. შუამდგომლობები ჰქონდათ კიდევ ერთი ბრალდებულის ივანე გეგიაძის ადვოკატებსაც. მოსამართლემ მათი შუამდგომლობა  ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უკვე დაკითხული ექსპერტის განმეორებით დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში