''ბიზნესი მთავრობის მეშვეობით ცდილობს თამბაქოს შესახებ კანონის შესუსტებას'' - თამბაქოს კონტროლის ალიანსი

03 აპრილი 2019, 00:00 1429 ნახვა

''თამბაქოს კონტროლის ალიანსი" თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებსა და მაღალი თანამდებობის პირებს შორის შესაძლო გარიგებაზე საუბრობს.

კონკრეტულ ჩინოვნიკებს არ ასახელებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ბიზნესი სწორედ მთავრობის მეშვეობით ცდილობს თამბაქოს შესახებ კანონის შესუსტებას. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ''თამბაქოს კონტროლის ალიანსში" განუმარტეს, რომ პრობლემას ქმნის თამბაქოს შესახებ კანონის ის პუნქტი, სადაც ჩინოვნიკს ვალდებულება დაეკისრებათ დეკლარაციაში ჩაწერონ, ჰქონია თუ არა ოდესმე თამბაქოს ინდუსტრიასთან შემხებლობა.  

"თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მთვარობა ვალდებული იყო 2018 წლის ივნისამდე დაემტკიცებინა „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება, რომელიც დღემდე არ განუხილავთ. არადა, დადგენილების პროექტი მთავრობაში გაგზავნამდე ყველა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმდა. ამიტომაც ვეჭვობთ,  პროცესებში ჩართულია თამბაქოს ინდუსტრია და სამთავრობო სტრუქტურებში მისი მხარდამჭერები მთავრობას კანონის მოთხოვნების დარღვევას აიძულებენ," - წერს ორგანიზაცია.  

რატომ არ განიხილეს აღნიშნული დოკუმენტი ცხრა თვის განმავლობაში ან რატომ არ რეაგირებენ მასზე? როდის აპირებს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძე თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სხდომის ჩატარებას, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის - ამ კითხვებით ორგანიზაცია მთავრობის მეთაურს მიმართავს. 

"ჩვენი ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაცია (რომლის წევრია კომპანია „ფილიპ მორისი“)  მთავრობის საშუალებით აპირებს შეასუსტოს მოქმედი კანონი და სასათბურე პირობები შეუქმნას ელექტრონულ სიგარეტებსა და ე.წ. გახურებად თამბაქოს ნაწარმს. იმედია, მთავრობა არ გამოიჩენს სისუსტეს და „არ დაბოლდება“ - წერია ალიანსის განცხადებაში. 

არგუმენტად კი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მოჰყავთ: "ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ, გასულ წელს,  „ფილიპ მორისს“ უფლება არ მისცა ე.წ. გახურებადი თამბაქო „აიქოსი“ზიანის შემცირების პროდუქტად ეღიარებინა. თამბაქოს ინდუსტრია ძალისხმევას არ იშურებს, საქართველოს მთავრობა დაიყოლიონ თამბაქოს ელექტრონულ პროდუქტზე შემცირდეს გადასახადი, დაიშვას რეკლამა და მათი გასინჯვის შესაძლებლობები," - წერია გავრცელებულ წერილში. 

ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტსაც და მოითხოვს: 

1.      პარლამენტმა მოიკვლიოს, რატომ არ შეასრულა მთავრობამ თამბაქოს კონტროლის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და კონკრეტულად ვინ შეაჩერა მომზადებული ნორმატიული აქტის პროექტის მთავრობის სხდომაზე გატანა;

2.      პარლამენტმა არ მიიღოს ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის მთავრობის სახელით განსახილველად მიწოდებული თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებები, რომელთა საფუძველზე განზრახული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის და თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნებს.

განცხადება ორგანიზაციამ დღეს, 3 აპრილს გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში