აქვთ თუ არა მაღაზიებს შიდაგანვადების უფლება - პრემიერის განმარტება  

04 აპრილი 2019, 00:00 3106 ნახვა

ელექტროტექნიკის მაღაზიებსა და სამშენებლო კომპანიების ნაწილს, გამკაცრებული ახალი საბანკო რეგულაციების შემდეგ, განვადებები და გაყიდვები საგრძნობლად შეუმცირდათ. საფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა კი, მაღაზიებიდან ის წარმომადგენლები გაიყვანეს, რომლებიც განვადებების დამტკიცებაზე მუშაობდნენ. 

ბიზნესმა გამოსავალი შიდაგანვადებების დაწყებაში იპოვა. კომპანიებმა მომხმარებლების შესანარჩუნებლად ახალ სქემას მიმართეს. ისინი მოქალაქეებს უპროცენტო ან პროცენტიან გრძელვადიან სესხს სთავაზობენ. 

პრემიერის თქმით, ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს, თუმცა დაზუსტებით არ იცის პროცესს კანონმდებლობა რამდენად ეწინააღმდეგება. 

''რაც შეეხება განვადებებს მაღაზიებში  საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ეს კითხვა არის იმ ბუნების, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება. მე ნამდვილად არ ვიცი ჩვენი კანონმდებლობა რამდენად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს. მივესალმები ყველაფერს, რომელიც მოქცეულია საკანონმდებლო ჩარჩოში და იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა.

 წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს. ამან სადამდე მიგვიყვანა ყველას გვახსოვს. თუ გინდათ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 600 ათასამდე ჩვენი მოქალაქე იყო შავ სიაში. ეს საქართველოში აღარ დაბრუნდება,'' - თქვა ბრიფინგზე პრემიერმა. 

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ რამდენიმე ბანკმა ლარში იპოთეკურ სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად შეამცირა.  პრემიერის განმარტებით, ლარიზაცია და პროცენტების კლება  ერთადერთი გზაა, რომლითაც მოქალაქეები რისკების გარეშე, სესხით ბინის შეძენას შესძლებენ. 

რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მათ მხარდასაჭერად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ​''სამშენებლო სექტორს აქვს ძალიან დიდი წვლილი ჩვენი რეგიონის შიდა პროდუქტში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს ჰქონდეს განვითარების ძალიან ძლიერი საფუძვლები. არ  უნდა გვქონდეს ისეთი რეგულაციები, რომლებმაც შეიძლება ამ სფეროში გარკვეული ხარვეზები გამოიწვიოს'' - ამბობს მამუკა ბახტაძე.

პრემიერი ირწმუნება, რომ ახალი რეგულაციების დაწესებამდე რისკები გათვალეს, მიზანი კი ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა იყო.  

''ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით პასუხისმგებლიან დაკრდიტების სისტემაზე, თითოეული რისკი იყო გაანალიზებული. ბიზნესი არის პროაქტიული და მე ამას მივესალმები, ბიზნესი არ ითმენს და ასევე არ ითმენს ის, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით. როდესაც ვსაუბრობთ მედლის ერთ მხარეზე, მეორეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ქვეყანა დაძლევს სიღარიბეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას. იმ ტემპებით, რომლითაც ჩვენ მას ვახორციელებთ,'' - თქვა ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა. 

ამავე კატეგორიაში