''მეტად ნუღარ გვატკენთ გულს, დაზუსტდეს ვის ეკუთვნის ნეშტები'' - ღია წერილი ხელისუფლებას

09 აპრილი 2019, 00:00 2232 ნახვა

ბათუმელი ზეინაბ დიასამიძე სტალინური რეპრესიების დროს, 1937-38 წლებში, დახვრეტილი ჯემალ დიასამიძის შვილიშვილია. ამ პერიოდში, მხოლოდ აჭარაში, 650-ზე მეტი ადამიანი დახვრიტეს. დაღუპულის ოჯახის წევრებს კი მათ შესახებ ინფორმაცია, თითქმის საუკუნის შემდეგაც კი არ აქვთ. 

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, შესაძლოა სტალინური რეპრესიების შედეგად დახვრეტილი 150 მოქალაქის ნეშტი იპოვეს, რეპრესირებული ოჯახის წევრებს კითხვები გაუჩნდათ.

ტერორის წლებში დაღუპულების ოჯახებმა უამრავ უსამართლობას, ტკივილს გაუძლეს. ჩვენი მოთხოვნაა, ნუ დაგვაბნევთ და კიდევ უფრო მეტად ნუღარ გვატკენთ - წერს ზეინაბ დიასამიძე და ხელისუფლებას სთხოვს, რომ დაზუსტდეს ვის ეკუთვნის ნეშტები, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ აღმოაჩინა და 21 აპრილს უნდა დაკრძალონ. 

"მივმართავ საქართველოს ... და აჭარის რეგიონულ ხელისუფლებას

საქმე ეხება 2017 წელს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ნაპოვნ სამარხს... და ოცდაათიანი წლების საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა აღმოჩენილ ნეშტებს. 

მე ვარ იმ მრავალრიცხოვანთა შორის ერთ-ერთი რეპრესირებული ოჯახის შთამომავალი, დახვრეტილი ბაბუის, ჯემალ დიასამიძის შვილიშვილი, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს იმ ავბედითი წლების მთელი სიმძიმეც და ტრაგიზმიც. შეურაცხყოფა, დევნა, შიში და ''ხალხის მტრის'' იარლიყი. ეს თემა ტაბუირებული იყო სტალინური ტერორის ეპოქის დამთავრების შემდეგაც კი...
ბევრი ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ელოდა თავიანთ ახლობლებს, რადგან სახელმწიფო საჭიროდაც არ თვლიდა მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.
ვერ ვივიწყებ მამის ნაღვლიან ფრაზას, როდესაც ამბობდა, ''მამას ცხედარი უპატრონოდ, წესის აგების გარეშე, გდია სადღაც და სად არც კი ვიცითო...ნეტამც მამაჩემის ხსოვნის წინაშე ვალმოხდილი გამიყვანა ამაქვეყნიდანო''. 
მოსასმენად ძალიან მგრძნობიარე იყო ეს ყოველივე ჩემთვის, ჩვენთვის... თუმცა საბოლოოდ და უფრო ღრმად ახლა გავითავისე, როდესაც ცნობილი გახდა სამარხის შესახებ. იმ სიების შესახებ, სადაც უამრავმა ბათუმელმა საკუთარი ოჯახის დაღუპული წევრები ვიპოვნეთ, თუმცა გაჩნდა უამრავი კითხვა. 
როგორც ცნობილი გახდა ა.წ. 21 აპრილს , ბათუმში მოხდება 150 ნეშტის დაკრძალვა, თუმცა სრულიად გაუგებარია ვის კრძალავენ, რადგან არ ჩატარებულა სამარხის და ნეშტების მეცნიერული კვლევა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით (კრიმინალისტები,არქეოლოგები, ანთროპოლოგები,ისტორიკოსები,გენეტიკოსები).
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავისუფალ დამოუკიდებელ ქვეყნად ითვლება, ვფიქრობთ, ეს საკითხი უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს. უფრო მეტიც, ხელისუფლება ვალდებულია შეისწავლოს და გამოიძიოს ეს საკითხი და მეტი სიცხადე შეიტანოს. მითუმეტეს, რომ თითქმის 2 წელია ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია სამარხის შესახებ!
საბჭოთა, სტალინური ტერორი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, კიდევ ერთ გამოუსწორებელ შეცდომას ნუ დავუშვებთ ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის, საზოგადოების წინაშე, რეპრესირებულთა ოჯახები უმორჩილესად გთხოვთ და მოვითხოვთ:
1. სახელმწიფო კომისიის შექმნას, საკითხის სრულყოფილად შესასწავლად;
2.სამარხის და ნეშტების მეცნიერული კვლევის ჩატარებას სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვით;
3.ნაპოვნი ნეშტების გენეტიკური (დნმ) ანალიზის ჩატარებას;
4.დაკრძალვის თარიღის გადავადებას კვლევის შედეგების დადგენამდე.

ტერორის წლებში დაღუპულების ოჯახებმა უამრავ უსამართლობას, ტკივილს გაუძლეს. ჩვენი მოთხოვნაა, ნუ დაგვაბნევთ და კიდევ უფრო მეტად ნუღარ გვატკენთ. გამოიჩინეთ კეთილი ნება!

ვინაც ეთანხმებით ჩემს პოზიციას, გთხოვთ დაადასტუროთ და ხელი მოაწეროთ..." - წერს  ზეინაბ დიასამიძე. 

რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილმა ბათუმში, საერთო სამარხში აღმოჩენილი ნეშთებისთვისდნმ-ის ანალიზის ჩატარება მოითხოვა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ბათუმში, სავარაუდოდ საბჭოთა რეპრესიების დროს, 30-იან წლებში დახვრეტილი მოქალაქეების შესახებ აღმოჩენილ სამარხზე კიდევ ერთ განმარტება გუშინ გაავრცელა.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში