მერის შერჩეული მრჩევლების რჩევა - ბიზნესმენ კანთელაძის საქმეზე

10 აპრილი 2019, 00:00 1651 ნახვა

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, ლაშა კომახიძეს წერილობით მიმართავენ, რომ ბიზნესმენ ლევან კანთელაძის საქმეზე დროულად მოხდეს განმარტებების გაკეთება და არგუმენტირებული პასუხების გაცემა. ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში კი ადეკვატური წინადადების შეთავაზება. 

დოკუმენტში წერია, რომ საინიციატივო ჯგუფთან გამართული შეხვედრისა და მერიიდან გამოთხოვილი მასალების შესწავლის შემდეგ, სარეკომენდაციო წერილი მომზადდა. 

საბჭოს თავმჯდომარე კახა გუჩმანიძემ, წერილი მერიაში ორი დღის წინ შეიტანა. ისინი ლაშა კომახიძეს ორ რეკომენდაციას აძლევენ. 

1. ''მიზანშეწონილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შემჭიდროებულ ვადებში მიეცეს არგუმენტირებული განმარტება და შესაბამისი პასუხი კომპანია შპს ''დექტერ დეველოპმენტის'' მოთხოვნებს სამშენებლო - სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით.

2. ასევე იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან იქნება დასაბუთებული და მოტივირებული უარი დემონტაჟის პროექტის შეთანხმების თაობაზე (რადგან პროცესი საკმაოდ გაიწელა დროში) ვფიქრობ საზოგადო და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით სამართლიანი იქნება მუნიციპალიტეტმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს კომპანია შპს ''დექსტერ დეველოპმენტისთვის'' ადექვატური ადგილმონაცველობის კუთხით. ვიმედოვნებთ გულდასმით მიუდგებით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წინადადებებს/რეკომენდაციებს/ მოსაზრებებს და კომპეტენციის ფარგლებში მიიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას. გთხოვთ პასუხი გვაცნობთ წერილობით'' - აღნიშნულია წერილში. 

დოკუმენტში წერია, რომ  საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. 

ბიზნესმენმა ლევან კანთელაძემ ბიზნესზე ზეწოლაში ხელისუფლება, რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა. განაცხადა, რომ  ბათუმის მერია 2016 წელს შეთანხმებული პროექტის განხორციელებაში ხელს უშლის. ბიზნესმენმა თქვა, რომ ზეწოლას უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერს ლაშა კომახიძე ახორციელებენ. 

ბიზნესმენს 8 აპრილს თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა. '' ვერავინ ვერ გვაიძულებს, რომ ღია წერილებით და უსუსური ბრალდებებით რაიმე სახის ნებართვები გავცეთ“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმის მერი კი ამბობს, რომ ბრალდებები გაუგებარია, რადგან ბიზნესმენების საკითხის გადასაჭრელად აჭარის მთავრობას თავად მიმართა და აქტიურად მიმდინარეობდა ამ მიმართულებით მუშაობა. 

ფაქტს იკვლევს ბიზნესომბუდსმენიც, რომელიც დასკვნას სავარაუდოდ ორ კვირაში დადებს. 

ამავე კატეგორიაში