„ვერ გაექცევა ხელისუფლება იმას, რომ ეს არის მართული პროცესი'' - ეთერ თურაძე

13 აპრილი 2019, 00:00 1963 ნახვა

"ვერ გაექცევა ხელისუფლება იმას, რომ ეს არის მართული პროცესი" - ეს განცხადება "გაზეთ ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ "მთავარის" ეთერში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. 

"დღეს რაც ხდება ქართულ მედია სივრცეში, გვაჩვენებს რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე. რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მართული პროცესი, ამის დაჯერება ძალიან გაჭირდება. მრჩეველთა საბჭოს დასჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ ამას [იმპიჩმენტის საკითხს] ჩამოაშოროს პოლიტიკური სარჩული. 

წავიკითხე დოკუმენტი, ის დასაბუთება, რომელიც ბორდის ორმა წევრმა წარადგინეს საბჭოს წინაშე. თუ ეს საკითხებია იმპიჩმენტის მიზეზი, თუ  ამდენი ხნის განმავლობაში იქცეოდა ყველაფერი აჭარის ტელევიზიაში, თუ სამი წელია ეს ვითარებაა, ახლა რატომ დგება ეს საკითხი? ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. ცოტა ადრე, რომ ყოფილიყო ეს საკითხები, შესაძლოა მეც დამესვა ეს კითხვები, მგონი რაღაც ხდება იცი?" - განაცხადა ეთერ თურაძემ. 

"გაზეთ ბათუმელების" რედაქტორი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის საფუძვლად წარმოდგენილი დასაბუთება, ვერ იქნება საპირწონე იმ პროცესებისა, რომელსაც გამოიწვევს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის შესუსტებას. 

"რას აწარმოებდა მაუწყებელი აჭარის მაუწყებელი ადრე? მახოვს, არ აწარმოებდა არაფერს,  ახლა დაიწყო რამდენი გადაცემა, შეიძლება არ ასრულებს ზუსტად მაუწყებლის პრიორიტეტებს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი ის, რომ არაფერი არ ჰქონდა მანამდე. საინფორმაციო გამოშვებას ვერ იწყებდა თავის დროზე ეს ტელევიზია, ეს არაფერს ნიშნავს? 

ვფიქრობ, არსებული არგუმენტები ვერ იქნება იმპიჩმენტის საპირწონე, რა თქმა უნდა ეს პროცესი დააზიანებს ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების საკითხს. ეს პროცესი არ არის ნათია კაპანაძის საკითხი. ნათია კაპანაძე წავა მალე ამ ტელევიზიიდან და უკეთ სამსახურსაც იპოვის, შეიძლება ეს პროცესი მისთვის უკეთესი ველი აღმოჩნდეს და მისგან გმირი შეიქმნას. ამით დაზარალდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. 

ნატა {აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე}ჩემი მეგობარია, უფრო დიდი ხნის ნაცნობობა მაქვს მასთან, ვიდრე ნათია კაპანაძესთან. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ხშირად ვუყურებდი ბორდის სხდომებს და ვიცი, რომ იყო უთანხმოება და პრობლემები ბორდსა და მენეჯმენტს შორის, თუმცა ეს არ არის ისეთი სახის პრობლემები, რომლის გამო ასეთი რისკის ქვეშ უნდა დავაყენოთ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. ეს არ არის უბრალოდ სწორი" - ფიქრობს "გაზეთ ბათუმელების" რედაქტორი. 

მიაჩნია, რომ მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს არც უნდა ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა, ეს დააზარალებდა მენეჯმენტს. "ის, რომ სისტემატიურად ჰქონდათ კითხვები, იყვნენ კრიტიკულები და ამყოფებდნენ მენეჯმენტს ფორმაში, შეევსო გადაცემებით ეთერი, შეექმნა ბადე და ა.შ. ეს სწორია, მაგრამ როცა ეს ამბავი დაგყავს იმამდე, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას დაარტყა, ეს ძალიან მაღალი ხარისხის რისკია. თუ ამის აღება უნდა ვინმეს თავის თავზე, ეს მასი გადასაწყვეტია" . 

ეთერ თურაძე მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციით დაინტერესებული მომხმარებელთა რაოდენობაც სამჯერ გაზრდილია და ამას ანალიტიკური მთვლელზე, გუგლზე დაყრდნობით აცხადებს. ​

"​მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა მედიის რეიტინგს აკვირდება. არსებობს გუგლისა და ასევე ქართული მთვლელი. გასულ წელთან შედარებით, ტელევიზიის პროდუქციის ნახვები არის სამჯერ გაზრდილი. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? მე ვსაუბრობ გუგლის მონაცემებე, რომელიც არის უტყუარი" - აცხადებს ეთერ თურაძე.

ამბობს, რომ წინასწარ ანალიზი გაუჭირდება, როგორ წარიმართება პროცესები, თუმცა იმედი აქვს, რომ ბორდი წინდახედულებას გამოიჩენს და კარგად შეაფასებს რისკებს. 

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, 6 თვით ადრე წავა თუ არა დირექტორი, ეს არაფერს შეცვლის ნათია კაპანაძისთვის, ეს დააზარალებს მედია გარემოს.  ნატამ თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს არავის გავლენის ქვეშ არ მოვექცევიო, მეც ვფიქრობ, რომ არ უნდა მოექცეს. თუმცა, ნატამ უნდა დაინახოს პროცესები. ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მედიის საკითხებით, ასე ერთდროულად ყველა არ გაერთიანდებოდა ამ საკითხის ირგვლივ. ვერ გააერთიანებ ძალით, რომც გინდოდეს. ამიტომ, უნდა გაანალიზოს ეს რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლავს თან.

მე ნატაზე ვსაუბრობ, რადგან სხვებს არ ვიცნობ ამ ბორდში, რომელიც მაუწყებლის იდეას ასე გულშემატკივრობს. მგონია, რომ მისი ხმა გადამწყვეტია და კარგად უნდა აწონოს სიტუაცია. პირად კონფლიქტებსა და დამოკიდებულებაზე მაღლა დადგეს" ამბობს ეთერ თურაძე და მიიჩნევს, რომ ორი კვირის წინ "გახარებული ბათუმელების" მიერ მოწყობილი ბრიფინგი უკავშირდება მთავრობის ინტერესებს და ტელევიზიის შიგნით მიმდინარე პროცესს. 

"ის, რომ ორი კვირის წინ, გაბრაზებული და მერე გახარებული ბათუმელების ჯგუფი აკრიტიკებდა მაუწყებელს იმიტომ კი არა, რომ რაღაც საზოგადოებრივი თემა არ მოხვდა ეთერში, არამედ იმაზე, რომ სამთავრობო სიუჟეტი 30 წუთზე გავიდა, გვახსოვს.  ჩვენ თუ ვაზროვნებთ, ყველაფერი უნდა დავალაგოთ. რას მივიღებთ? ვერ გაექცევა ხელისუფლება იმას, რომ ეს არის მართული პროცესი"... 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ. საბჭოს წევრებმა ბორდს 10 აპრილს მიმართეს. 15 გვერდიანი წერილში ბორდის წევრები დარღვევებზე საუბრობენ. 

 

ამავე კატეგორიაში