ჩემზე გავლენას ვერავინ მოახდენს, ვიმოქმედებ ჩემი სინდისით და თავისუფლებით​ - ნატა იმედაიშვილი

13 აპრილი 2019, 00:00 3560 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კოლეგებს ერთ საკითხში ეთანხმება, რომ ტელევიზიის მენეჯმენტთან კომუნიკაციის და დიალოგის ნაკლებობა არსებობდა. 

ნატა იმედაიშვილის თქმით, სადისკუსიო სივრცე უნდა გახსნილიყო და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. 

ბორდის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ის კოლეგებთან კომუნიკაციას და კითხვებზე პასუხებს ელოდება.

''მე მგონია, რომ სადისკუსიო სივრცე, რომელიც მუდმივად ისმებოდა საჯარო სხდომებზე თუ შეხვედრებზე, ნამდვილად უნდა გახსნილიყო. ერთადერთ რამეში ვეთანხმები კოლეგებს კომუნიკაციის და დიალოგის ნაკლებობა არსებობდა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. არ უნდა დაგვტოვონ არც ადამიანებმა, არც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არ უნდა გვითხრას უარი მაყურებელმა, რაც არ მოსწონთ ეს გვითხრან. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფორმა სულ შეინარჩუნოს. თუ კი საკითხის გამოსწორება დიალოგით იყო შესაძლებელი და კონსესუსთან მისასვლელად არ იყო რთული გზა გასავლელი, ამ გზაზე დგომა არ იყო რთული. მე პირადად ერთადერთ რამეს ვითხოვ ყოფილიყო დიალოგი'' თქვა მაუწყებლის ეთერში ნატა იმედაიშვილმა.  

იგი ამბობს, რომ ის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია და გადაწყვეტილებას სინდისი კარნახით მიიღებს. 

„ჩემზე გავლენას ვერავინ მოახდენს, ვერც ერთი პოლიტიკოსი, ვერცერთი პოლიტიკური ფიგურა, ვერც ხელისუფლებიდან  და ვერ ოპოზიციიდან, ვერც არასამთავრობო სექტორი. მე ჩემი სინდისის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. იმ გამოცდილებით, რომელიც დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში. ჩემგან დასაცავი სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, პლურალიზმს არა აქვს არაფერი და არც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რაც არის საჭირო და არის საფრთხე''.

მრჩეველთა საბჭოს წევრმა მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ დღეს დაძრულ პროცესებში საფრთხეს ხედავს. 

''მე ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, რაც დავინახე მთელი დღის განმავლობაში ამ განცხადებების ფონზე. ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია. ადამიანს როცა აქვს კრიტიკული მოსაზრება, არ შეიძლება ის კრიტიკული მოსაზრებები ჩვენ დავახშოთ და არ ვილაპარაკოთ. ეს არ შეიძლება მეგობრებო და მე მოგიწოდებთ ვილაპარაკოთ უნდა. მოვისმინე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას არაჩვეულებრივი განცხადება ხელოვნურ საფრთხეებზე, მაგრამ მე პირადად ერთი რამ მამოძრავებს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად. რასაც გვეუბნება კანონი მაუწყებლობის შესახებ'' - ამბობს ბორდის თავმჯდომარე. 

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ წერილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა პრობლემური საკითხების შესახებ, მათ შორის კი პროგრამულ პრიორიტეტებზე საჯარო სხდომაზე არაერთხელ უსაუბრიათ. 

''მე ამ წერილში საერთოდ ერთი წერტილიც არ დამისვამს და საერთოდ არ ვიცოდი ამ დოკუმენტის შინაარსის შესახებ, გავეცანი ახლახან. პროგრამულ პრიორიტეტებზე ჩვენ ვსაუბრობდით ყველა საჯარო სხდომაზე და ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან ბევრ საკითხზე. მათ შორის შრომით ურთიერთობებზე, ხელშეკრულებების ნაწილზე, რომ შესაცვლელია. პროგრამული პრიორიტეტების შესრულება არის უმთავრესი ამოცანა, რომელსაც უნდა ასრულებდეს მრჩეველთა საბჭო და მენეჯმენტი,'' - ამბობს ბორდის თავმჯდომარე.

ჟურნალისტის კითხვაზე იზიარებდა თუ არა კოლეგების არგუმენტების ნაწილს? ნატა იმედაიშვილი ასე პასუხობს: ''რა თქმა უნდა ვიზიარებ. ვიზიარებ კი არა, ეს რაც აქ არის, ფაქტობრივად დაწერილია, იმ საჯარო სხდომების შინაარსი, რომელშიდაც ვმონაწილეობდით ჩვენ 4 წევრი, მაშინ საერთოდ არ იყო გიგა ჩხარტიშვილი. ირაკლი დარცმელიძეც ნაკლებად მონაწილეობდა სხდომებში. იმპიჩმენტამდე საქმე არ მისულა, იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობდით დიალოგი შესაძლებელი იყო''. 

ნატა იმედაიშვილი აცხადებს, რომ მზად არის ტელევიზიის დირექტორის განმარტებები მოისმინოს. 

''მინდოდა მომესმინა არგუმენტები, რას ფიქრობენ ჩემი კოლეგები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მათ წარმოადგინეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელზეც ისინი მსჯელობენ. იმედი მაქვს, რომ ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, როდესაც საჯარო სხდომა დასრულდება, მერე მაინც გვექნება სამუშაო შეხვედრა და კითხვებს პასუხები გაეცემა. გიგა და ირაკლი გაგვცემენ პასუხს. მოგვიანებით მე პირადად ძალიან დიდი გულისყურით მოვუსმენ დირექტორს, ნათია კაპანაძეს თუ მას ექნება სურვილი გამოთქვამს მოსაზრებები, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ამ დოკუმენტშია საუბარი''. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ. საბჭოს წევრებმა ბორდს 10 აპრილს მიმართეს. 15 გვერდიანი წერილში ბორდის წევრები დარღვევებზე საუბრობენ. 

ამავე კატეგორიაში