წალკაში ჩასახლებული ოჯახებისთვის სახლების გამოსყიდვის თხოვნით, დეპუტატი პრემიერ მინისტრს მიმართავს 

16 აპრილი 2019, 00:00 1570 ნახვა

ვთხოვ პრემიერ მინისტრს, მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემას ყურადღება მიაქციოს - საკითხის მოგვარებას მამუკა ბახტაძეს ზვიად კვაჭანტირაძე სთხოვს. დეპუტატმა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურს მიმართა. თქვა, რომ ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა და ბინების გამოსყიდვის პროცესი არ დაასრულა. 

''მინდა მივმართო პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემურ საკითხზე. 89 წლიდან აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან, სტიქიური უბედურების გამო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 2000 ოჯახზე მეტი გადაასახლეს. სხვადასხვა დროს, ჩვენი ქვეყნის მთავრობა თანამოქალაქეებს ბინების გამოსყიდვას ჰპირდებოდა, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. ბოლო პერიოდში კი, ამ გადაუჭრელმა პირობამ სერიოზულ კრიზისში შეიყვანა მოსახლეობა. წალკის რაიონში ბერძნები ბრუნდებიან. მათ საკუთარ სახლებში ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, რომლებიც თავის დროზე ჩამოსახლდნენ და ამ მიტოვებულ სახლებში ცხოვრება დაიწყეს'' - განაცხადა კვაჭანტირაძემ. 

დეპუტატის ამბობს, რომ საკითხის მოსაგვარებლად, წალკაში მცხოვრებმა ოჯახებმა 13 აპრილს პირადად მიმართეს.  

''მთავრობამ დღემდე ვერ შეასრულა დანაპირები და ვერ გამოისყიდა შეპირებული კარ-მიდამოები. კონკრეტულად წალკის რაიონში. ბოლო პერიოდში, მხოლოდ 80-მდე ოჯახისთვის შეისყიდეს მიწა, ამის გამო, ჩვენი თანამოქალაქეები ტოვებენ საქართველოს და ოჯახებით მიემგზავრებიან სხვა ქვეყანაში. მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების მხრიდან ჩართულობა არსებობს, ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს. რადგანაც კრიზისული მდგომარეობაა, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრს ამ საკითხით დაინტერესდეს'' - ამბობს პარლამენტის წევრი. 

აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები, სახლების გამოსასყიდად ხელისუფლებას დახმარებას გასულ წელსაც სთხოვდნენ. მათი ნაწილი, დაბალპროცენტიანი სესხების მიღებაზეც თანახმა იყო. მართავდნენ საპროტესტო აქციებსაც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივიში, არაერთი მასალა ინახება, სადაც მოქალაქეები ყვებიან, რომ ხელისუფლება ბერძნებისგან მიტოვებული სახლების გამოსყიდვას დაჰპირდა. 

მაღალმთიანი აჭარიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წლების განმავლობაში 9 ათას ოჯახზე მეტი, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი გაასახლეს. ისინი სტიქიური უბედურების დროს დაზარალდნენ და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში