რეკომენდაციების ნაწილის გათვალისწინება შესაძლებელია - ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

16 აპრილი 2019, 00:00 1210 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა შეაფასა.

კობახიძე ამბობს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილის გაზიარება შესაძლებელია და ამისთვის მმართველი გუნდი მზად არის. 

მისი თქმით, ვენეციის კომისია კანონში ცვლილებებს დადებითად აფასებს. 

''ამ მიდგომის შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება. მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმის გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ჩემი პოზიციაა, როგორც ერთ-ერთი ინიციატორის, ეს წინადადება შეიძლება, გავითვალისწინოთ. ასევე შეიძლება, გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ უკვე ავსახეთ ორგანული კანონის პროექტში ყველა ნორმა, რომელიც გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს. კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანინდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და აქ გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტი. არის ინიციატივა, რომ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება და აქაც მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ რეკომენდაციის გაზიარება“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, გაიმართოს კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან და საბოლოო პოზიცია ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში