არა ბიძინას სასამართლოს, კლანი უნდა წავიდეს - აქცია-მსვლელობა პარლამენტთან

18 აპრილი 2019, 00:00 1426 ნახვა

უზენაესი სასამართლოდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. 

''არა ბიძინას სასამართლოს'', ''კლანი უნდა წავიდეს'' - აქციის ორგანიზატორები ამ ბანერებით საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ.  

ისინი, უზენაესის მოსამართლეებით დაკომპლექტების შესახებ ''ქართული ოცნების'' კანონპროექტს აპროტესტებენ.

​''თავისუფალი დემოკრატების'' ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ უსამართლობის დაკანონების საშუალებას არ მისცემენ. 

''ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ დაგვიკანონებს უსამართლობას ჩვენს ქვეყანაში. ამის საშუალებას არ მივცემთ. ეს კლანი უნდა წავიდეს. არავის არ გამოუვა უსამართლობის უვადოდ დაკანონება, არავის არ გამოუვა ქართველი ხალხის ამდენხნიანმა ბრძოლამ თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ფუჭად ჩაიაროს. სწორედ ამ უსამართლობას ვაპროტესტებ,'' - ამბობს დეპუტატი.

შალვა შავგულიძემ კი აქციაზე თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბევრი ადამიანი დაიჭირეს უსამართლოდ, მაგრამ იგივე ხდება დღესაც.

„მათ ასამართლებდნენ ის მოსამართლეები უსამართლოდ, რომლებიც გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩაიყენა საკუთარ მსახურებაში. მე მართალი ვიყავი მაშინაც და ახლაც. მე სამართლისთვის და სამართლის უზენაესობისთვის ვიბრძოდი, როცა ვიყავი ადვოკატი. დღეს ეს ადამიანები ვის გვერდითაც ვარ – მე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია და სხვები თანამოაზრეები ვართ იმაში, რომ როგორც ცუდი იყო უსამართლობა იმ დროინდელი ხელისუფლების პირობებში, ასევე ცუდია ახლაც“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პარლამენტში დეპუტატები უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება. კერძოდ, პროექტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიიღება კი შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება.

ცვლილებებით, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე კონკურში ჩართვის უფლება ექნება, სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.

ამავე კატეგორიაში