მაუწყებელის შიდა პრობლემებით რომ დაინტერესებულიყო მესამე სექტორი,  ეს ''სიურპრიზი'' არ იქნებოდა

19 აპრილი 2019, 00:00 1507 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი, რომელმაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, ირწმუნება, რომ მისი გადაწყვეტილება  მაუწყებლის მენეჯმენტში შექმნილი კრიზისით იყო ნაკარნახევი და "პროცესები, რა თქმა უნდა, არ იმართებოდა გარედან". 

ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე იმ პრეტენზიებზე პასუხებს მოისმენდა ნათია კაპანაძისგან, რომლის შესახებ 17 პუნქტიან განცხადებაში საუბრობდა. 

"ველოდი, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, იქნებოდა საუბრები პრეტენზიებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც არსებობდა დირექტორის მისამართით, პროგრამული პრიორიტეტები იყო. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც მრჩეველთა საბჭო დირექტორს აძლევს თანხებს პროგრამული პრიორიტეტების შესასრულებლად. პროგრამული პრიორიტეტის შესრულება - არ შესრულება კი არის მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი," - აცხადებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი.  

გიგო ჩხარტიშილს მიაჩნია, რომ მრჩეველთა საბჭოსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექციას შორის არსებულ ურთიერთობით რომ დაინტერესებულიყო უფრო ადრე მედიასაშუალებები, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი არ იქნებოდა მოულოდნელობა. 

"თქვენ და თქვენი კოლეგები კარგი იქნებოდა უფრო ყურადღებით მოვკიდებოდით მრჩეველთა საბჭოს სხდომებს ამ წლების განმავლობაში, სადაც კარგად ჩანდა, თუ რამხელა პრობლემები გროვდებოდა მრჩეველთა საბჭოს და დირექტორის კომუნიკაციის საკითხებში. დირექტორი მრჩეველთა საბჭოსთან კომუნიკაციას უკრძალავდა თანამშრომლებს, საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე იყო ამაზე საუბარი. სიტყვის თავისუფლების შელახვა არის ყოვლად დაუშვებელი". 

რატომ მოხდა ისე, რომ იმპიჩმენტის დაყენების შემდეგ დაიწყეს თანამშრომლებმა პრობლემებზე საუბრები ? ამ კითხვაზე გიგა ჩხარტიშვილი პასუხობს, რომ მაუწყებელში ადამიანები შიშის გამო ჩუმად საუბრობდნენ და იმპიჩმენტის დაყენების შემდეგ გაბედეს ხმის ამოღება. 

"ვიცი, რომ ტელევიზიაში არსებობდა შიშის ფაქტორი, თანამშრომლები ჩურჩულებდნენ, ახლა კი ამ ადამიანებმა გაბედეს და დღეს ხმა ამოიღეს. მრჩეველთა საბჭომ, მაუწყებლის დირექტორს 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას დამატებით მისცა 900 000 ლარი იმისთვის, რომ ხელფასები გათანაბრებულიყო, დაბალანსებულიყო, იგი გამჭირვალე ყოფილიყო და სწორად გადანაწილებულიყო პროფესიონალურად. მაგალითად, თანაბარი დატვირთვისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს შორის არ ყოფილიყო განსხვავებული და უსამართლო სხვაობა. იმის ნაცვლად, რომ ამ თანხით მოეგვარებინა ეს პრობლემები, რაც წლების მანძილზე მახინჯად იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში, დღესაც ასე არის და დირექტორის ანგარიშშიც კი წერია, რომ ხელფასები არათანაბრად არის განაწილებული. იმის ნაცვლად რომ ეს მოგვარებულიყო, კიდევ უფრო გაღრმავდა პრობლემები და თქვენ ხედავთ რა პროტესტი მოჰყვა ამ ყველაფერს, ზუსტად აი ეს არის დირექტორთან არასწორი კომუნიკაცია".

არასწორი კომუნიკაციის არგუმენტად კი გიგო ჩხარტიშვილმა 5 მარტის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიხსენა, სადაც მისი თქმით "დირექტორმა არ ჩათვალა თავი ვალდებულად დასწრებოდა მას. ადამიანებმა რომლებმაც ნდობა გამოგიცხადეს და აგირჩიეს, მასთან ასეთი კომუნიკაცია დაუშვებელია" - ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი და განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სანდო ხელშია, რადგან დირექტორის მოვალეობას პირველი მოადგილე ნათია ზოიძე შეასრულებს. 

გიგო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლებოდა სამოქალაქო სექტორს სრულად მიენდო მაუწყებელი ერთი ადამიანისთვის და არ დაინტერესებულიყო ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებით. 

"რაფერი ემუქრება სამუშაო პროცესებს, სიტყვის თავისუფლებას და სარედაქციო დამოკიდებულებას. ეგეთი რაღაცა შეუძლებელია, თუ კი ყველა, მთელი საზოგადოება, მედია და მესამე სექტორი იქნება ჩართული და არ წაუყრუებს პრობლემებზე, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა მაუწყებელში. არაფერი არ ემუქრება სიტყვის თავისუფლებას და შეუძლებელია 21 საუკუნეში ჩაახშო სიტყვის თავისუფლება. თუმცა სარედაქციო მრავალფოვნება არის ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ ეს შენარჩუნდება". 

რატომ დადგა დღეს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი და არა რამდენიმე თვის წინ, როცა გიგა ჩხარტიშვილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში "ქართული ოცნების" კვოტით მოხვდა. ამ კითხვაზე, მრჩეველი ამბობს, რომ ამის შესახებ არჩევისთანავე საუბრობდა. 

ამავე კატეგორიაში