როცა მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, ყველაფერია მოსალოდნელი - ნათია კაპანაძე

19 აპრილი 2019, 00:00 1795 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ პროცესებთან დაკავშირებით კითხვითი ნიშნები გაუჩნდა. დღეს, მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა, ნათია კაპანაძის უნდობლობის საკითხს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ფარული იყო. სხდომის მიმდინარეობისას, ბორდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ პროცესები მართულს გავდა.  

''ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კონტექსტში საუბარი. მაშინ როდესაც, ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას, ადამიანები სვამენ კითხვებს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ვიღებთ პასუხებს, რომ არ გვინდა მართვის ეს მოდელი. გვინდა ცვლილებები, ცხადია კითხვის ნიშნები პროცესის მიმართ ჩნდება. მზად ვიყავი და წარვადგინე ყველა დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა პროცესს, თუმცა ინტერესი არ ყოფილა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად იმპიჩმენტის პროცედურა იწყება შინაარსობრივი პრიორიტეტების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან ფინანსური დარღვევების დროს. მე წარვადგინე და მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება პროგრამული პრიორიტეტი აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. როგორ ვგეგმავდით შემდგომ ნაბიჯებს. კიდევ 3 თვის მანძილზე, აჭარის მაუწყებლის გუნდს აქვს შესაძლებლობა, გადაცემები ამ კონკრეტული გეგმის მიხედვით განავითაროს'' - ამბობს მაუწყებლის ყოფილი დირექტორი. 

ნათია კაპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი.

''პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს. მე მომიწევს, რომ კიდევ ერთი პროცესი ვაწარმოო დირექტორის იმპიჩმენტისგან დაცვის. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, ამ შემთხვევაში უკვე საკუთარ თავს დავიცავ. აუცილებლად გავასაჩივრებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე რა პროგრესს განიცდიდა გუნდი, სად იყო პასუხისმგებლობები გადანაწილებული და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მედიის დამოუკიდებლობა ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ სწრაფად უნდა გავიაროთ ეს ეტაპები. ერთადერთი და მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა არის სარედაქციო ხაზი. ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩემს საქმიანობას უკავშირდება, ალბათ არის სარედაქციო ხაზი, რომლებიც აჭარის მაუწყებელმა შიდა და საერთაშორისო დასკვნებში უკვე აჩვენა. ეს იყო ჩემი მთავარი შედეგი იმ გუნდთან ერთად, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი'' - ამბობს ყოფილი დირექტორი. 

რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს. ნათია კაპანაძე ამბობს, რომ 12 აპრილს მიღებულ აუდიტის დასკვნაში დარღვევებზე და გადაცდომებზე საუბარი არ არის. 

 

ამავე კატეგორიაში