27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე

26 სექტემბერი 2016, 20:00 1585 ნახვა

„ყოველ წელს, ამ ტრაგიკულ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლს, იმ ადამიანებს, ვინც ამ ტრაგიკულ ომში დაიღუპა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, მემორიალთან განაცხადა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

     „ერთიანი, ძლიერი საქართველოს შექმნა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება იქნება შედეგი ჩვენი მშვიდობიანი, ერთმანეთისკენ მიმართული ემოციის. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ამისთვის ვმუშაობთ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომში დაღუპული 28 გმირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და შეტანილი წვლილისათვის, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.

   სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო  და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.  1993 წლის 27 სექტემბერს კი, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

   1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია სოჭის 27 ივლისის  შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" და  სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღეს გაგრძელდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი, რომლებიც შემდეგ დახვრიტეს. 

 

ამავე კატეგორიაში