ირაკლი კობახიძე განცხადებას სამ მუხლად ავრცელებს.

08 მარტი 2017, 20:00 905 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებით პრეზიდენტი „კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ“.
   ირაკლი კობახიძე განცხადებას სამ მუხლად ავრცელებს.
პირველი:  პრეზიდენტმა შეხვედრა დანიშნა 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს, რითაც გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ;
  მეორე: კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს  პარლამენტს  განხილვის ორგანიზებაში.  გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება;
   და მესამე:   კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და ის საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება. პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება   საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად.
 
     მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში