მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს 250-250 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

13 მარტი 2017, 20:00 1001 ნახვა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს  250-250 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მათ ბრალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე და 166-ე მუხლებით ჰქონდათ წაყენებული. 
    ერთ-ერთი პირველი, ვინც დანაშაული აღიარა,  ზაზა ქოქოლაძე იყო. ის ბრალდების მხარის სიტყვას  დაეთანხმა და აღიარა, რომ პოლიციელებს  სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.   ქოქოლაძე ბათუმში, აქციაზე,  12 მარტს, დილის 5 საათზე,  ახლობლების მხარდასაჭერად ჩამოვიდა. მისი განცხადებით, 10 თანასოფლელი დაქირავებულმა სკოლის მძღოლმა ჩამოიყვანა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ის  250 ლარით დააჯარიმა. 
   სხდომაზე  ნარიმან ლომინაძის საქმეც განიხილეს. მისი განცხადებით, ის ბათუმში 12 მარტს, გამთენიისას , თეთრიწყაროს რაიონის სოფელი წინწყაროდან ჩამოვიდა, ბათუმში ახლობელს გამოჰყვა, რომელიც შუახევში მიდიოდა. 
    ლომინაძის თქმით, მათი ავტომობილი გზის იმ მონაკვეთზე შეფერხდა, სადაც აქცია მიმდინარეობდა. ამ დროს ის დააკავეს. 
    ბრალდების მხარემ ნარიმან ლომინაძის ბრალეულობა ნათლად ვერ დაადასტურა. შესაბამისად, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით,  საქმის განხილვა ხვალისთვის გადადო.
    ზაზა ქოქოლაძის გარდა, დღეს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ კიდევ სამი ახალგაზრდა დააჯარიმა. ესენია: ცოტნე აბულაძე, ალექსანდრე ბაზახჩიანი და მამუკა ბერიძე. 
    სამივე მათგანმა ჩადენილი დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. ისინი სამართალდამცავებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა, მანქანების დაწვასა თუ ინფრასტრუქტურის დაზიანებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

ამავე კატეგორიაში