საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

24 მარტი 2017, 20:00 873 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 24 მარტს,  ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი გახდა 43 სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე.  „რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  რეზოლუციაში არის მოწოდება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევის დაუყოვნებლივ უზრუნველსაყოფად. ასევე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე სესიებზე.“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში