მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე იგეგმება

11 მაისი 2017, 20:00 1187 ნახვა

გაჩნდება თუ არა მიწისქვეშა პარკირება ბათუმში და შეეწირება თუ არა პარკინგის პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრას კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქალაქის მერმა მიწისქვეშა  პარკინგების მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. 

გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ მაისის ბოლომდე დასრულდება უცხოელ პარტნიორებთან ერთად კონცეფციაზე მუშაობა,რომელიც პარკირებასა და ავტოსატრანსპორტო მოძრაობას ეხება ქალაქში. კონცეფცია მიწისქვეშა პარკირების პროექტებსაც ითვალისწინებს. 

"მაქსიმალურად ვცდილობთ მთელ ქალაქში პარკირების ადგილები შევქმნათ, პარალელურად უნდა ვიმუშაოთ საპატრულო პოლიციასთან მოძრაობის რეგულაციის საკითხებზე (ჯარიმებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა) შეიძლება უცებ ვერ გადავჭრათ ქალაქში პარკირების პრობლემა, მაგრამ რაც შეგვიძლია შევეცდებით შევამციროთ" - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

უფრო კონკრეტულად, სად გეგმავს მერია ავტოსადგომების გამართვას? ქალაქის მერმა ერთ-ერთ ლოკაციად, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის უკან მდებარე რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ტერიტორია დაასახელა.

ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი კი მოეწყობა, თუმცა ზემოდან ტერიტორიაზე აუცილებლად იქნება რეკრეაციული და დასასვენებელი ადგილი. 

"ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებობდა, ჩვენ შევთანხმდით სამინისტროსთან და აქ იქნება პარკინგი. ეს მოგვცემს საშუალებას მოგვარდეს ქალაქში ნაწილობრივ პრობლემა. პროექტი არსებობს უკვე, მაგრამ პროექტში უნდა შევიტანოთ ცვლილებები, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ აქ მოსახლეობისთვის მოეწყობა დასასვენებელი ადგილი, რაც ასე აკლია ამ ტერიტორიას" - განაცხადა ერმაკოვმა. 

ტერიტორიას მოუხსნეს თუ არა რეკრეაციულის ზონის სტატუსი ან აპირებენ თუ არა, ამის შესახებ მერიიდან ოფიციალური ინფორმაცია, უკვე 20 დღეა, ვერ მოვიპოვეთ. აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი რეკრეაციული ზონა (თიბისი ბანკის სათაო ოფისის გვერდით) ოფიციალურად არსებობს, თუმცა ახალაშენებულ  საცხოვრებელ სახლს მთელი ფართი უჭირავს. 

ამ ტერიტორიის გარდა, პარკინგის მოწყობა, ქალაქის მერის ინფორმაციით ბათუმის შემოსასვლელშიც იგეგემება. მიწიქვეშა პარკის სავარაუდოდ ღირებულება 2 მილიონი ლარი იქნება. 

ამავე კატეგორიაში