დეკანოზ მამალაძის ძმა: არცერთ იმ ადამიანს არ ვენდობი, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატებთან ერთად, შეუძლებელია

11 ივნისი 2017, 20:00 840 ნახვა

„პატრიარქთან შეხვედრას, ისევ ადვოკატების თანდასწრებით ვითხოვთ, თუმცა ამას ხელს უშლიან ადამიანები, რომლებიც საპატრიარქოსთან არიან დაახლოებული“ - აცხადებს ბრალდებული დეკანოზის ძმა. 
თორნიკე მამალაძის თქმით, მათ დაუკავშირდნენ ახალი შუამავლები, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ილია მეორე მზადაა, დეკანოზის ოჯახის წევრებს შეხვდეს. 

„მათი თქმით, პატრიარქი მზადაა მიგვიღოს, მხოლოდ ოჯახის წევრები, ადვოკატების გარეშე. ახალი შუამავლები არიან, როგორც სასულიერო, ისე სამოქალაქო პირები, რომლებიც საპატრიარქოსთან არიან დაახლოებული“,-განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

ბრალდებული დეკანოზის ძმის ინფორმაციით, ამ ფორმატში კატალიკოს-პატრიარქთან შეხვედრისგან ისინი თავს იკავებენ და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებენ, თუ სხვა გამოსავალი არ ექნებათ. 
„არცერთ იმ ადამიანს არ ვენდობი, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატებთან ერთად, შეუძლებელია. ჩვენ თვითონ შევალთ უწმინდესთან და ვეტყვით, რომ ადვოკატებთან ერთად შეხვედრა გვინდა“,-აცხადებს დეკანოზის ძმა.

 თუ როდის შეხვდებიან ილია მეორეს დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები, ჯერ უცნობია. გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ კონკრეტული თარიღი ჩანიშნული, ამ ეტაპზე არ არის.

ამავე კატეგორიაში