არჩევნების შედეგების გაუქმებაზე ევროკავშირი თურქეთს განმარტებას სთხოვს

07 მაისი 2019, 12:33 2510 ნახვა

სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას განმარტებას სთხოვს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, ​გადაწყვეტილება უკიდურესად პოლიტიზირებული იყო.

ფედერიკა მოგერინის თქმით, სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის აუცილებელია. იგი ამბობს, რომ განმეორებითი არჩევნების დროს, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი კი აცხადებს, რომ თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, სტამბოლის არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ, შესაძლოა ამომრჩეველთა ნდობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ტორბიორნ იაგლანდი აღნიშნავს, რომ თურქეთის მოსახლეობა დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს იმსახურებს.

გუშინ, 6 მაისს თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის 31 მარტის არჩევნების შედეგები გააუქმა, რომლის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი, ოპოზიციონერ კანდიდატთან დამარცხდა.

განმეორებითი არჩევნები სტამბოლში 23 ივნისს უნდა ჩატარდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში