დანარჩენ პოლიტიკურ ელიტას მოვუწოდებ - ძალაუფლება ქუჩაში აგდია, დაიკუზეთ და აიღეთ რა - გია ხუხაშვილი 

17 მაისი 2019, 14:42 2471 ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე, ''ქართული ოცნებისა'' და ''გაერთიანებული ოპოზიციის'' კანდიდატების შანსებსა და მესამე ძალაზე, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან თქვა, რომ შუალედურ არჩევნებში არენაზე ''უპარტიო საქართველო'' ანუ ახალი, მესამე ძალა არ გამოჩნდა.

''მქონდა მოლოდინი, რომ ამ არჩევნების დროს, უპარტიო საქართველო გამოვიდოდა არენაზე და ორივე მხარეს გარკვეულ ფხას აჩვენებდა. ისინი, მანკიერი ორპოლუსიანი სისტემიდან იპოვიდნენ გამოსავალს. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ელიტამ ასეთი ალტერნატიული არჩევანის შეთავაზებისგან თავი შეიკავა. ისინი რესურსებს უფთხილდებიან. მათ მცირე რესურსები აქვთ და ამ ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღებას მოერიდნენ. ამიტომ ასეთი სავალალო სურათი მივიღეთ'' - ამბობს ექსპერტი.

გია ხუხაშვილის განცხადებით, თუ ზუგდიდის მერობის არჩევნებში სანდრა რულოვსი გაიმარჯვებს, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის რეინტეგრაცია და ''ქართული ოცნების'' დასასრულის დასაწყისი. 

''თუ გაიმარჯვებს სანდრა რულოვსი, რადიკალურად ცვლის პოლიტიკურ სურათს. ეს ხომ პოლიტიკური პროექტია, რეალურად ეს ხომ არ არის ბრძოლა ზუგდიდის მერობისთვის. აქ სააკაშვილის რეინტეგრაციის გარკვეული პლატფორმის შექმნაზეა საუბარი და ეს რა თქმა უნდა ქართული ოცნებისთვის დასასრულის დასაწყისის ტოლფასია. თუ გაიმარჯვა გეგა შენგელიამ, ამ შემთხვევაში ყველა თავისი კარტით დარჩება. ნაციონალური მოძრაობა ამით ბევრს არაფერს არ წააგებს. იმიტომ, რომ ის შეინარჩუნებს მეორე პოლუსის სახეს, იხმაურებს, საინფორმაციოებს გადაფარავენ გადმოფარავენ. ფეხებს დააბაკუნებენ და შექმნიან ისეთ განცდას, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ორი ძალა არსებობს. ორივეს პროპაგანდა იტყვის, რომ მე ვარ კეთილი ის არის ბოროტი, ამ ნარატივში შეეცდებიან დაგვტოვონ. შესაბამისად, მე დანარჩენ პოლიტიკურ ელიტას მოვუწოდებ, ძალაუფლება ქუჩაში აგდია დაიკუზეთ და აიღეთ რა, ვის ელოდებით ვერ გავიგე'' - თქვა პირდაპირ ეთერში გია ხუხაშვილმა. 

ექსპერტის აზრით, ხელისუფლება ''ნაციონალური მოძრაობის'' დამარცხების ნაცვლად, მისი, როგორც მეორე პოლუსის შესანარჩუნებლად იბრძვის. 

''რადგან ხელისუფლებას სხვა ინსტრუმენტი არ აქვს, ხალხს ვერ აჭმევს, ვერ ასმევს, ვერ ასაქმებს, ისევ ''მგელი მოდის'' უნდა იძახოს. 

რაც ზუგდიდში ხდება, ამბობენ, რომ თითქოს ხელისუფლებას არ აწყობს, მაგრამ წმიდა პოლიტტექნოლოგიურად ეს მათ ინტერესებშია, ისევე როგორც ''ნაციონალური მოძრაობის'' ინტერესებშია. ''ქართულ ოცნება'' ძალაუფლების შესანარჩუნებლად მთავარ იარაღს კარგავს, რასაც პროექტი ,,ანტი მიშა" ჰქვია . მათ ხომ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არა აქვთ, რის გამოც ადამიანები ხმას აძლევენ. ხელისუფლების დეგრადაციის პროცესი გრძელდება. ისინი არც აფუჭებენ და არც აკეთებენ საქმეს. ''ქართული ოცნება'' დღეს ახალი ''ნაციონალური მოძრაობა'' გახდა. გამომდინარე იქედან, რომ მთლიანად გადმოიბარეს ის მანკიერი თვისება, რასაც ჩვენ 2012 წელს ვებრძოდით'' - თქვა აჭარის მაუწყებლის ეთერში ექსპერტმა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში