ირაკლი ჩიქოვანი სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობაზე - არც არასდროს გეგმავდნენ ზუგდიდელების პრობლემების მოგვარებას

19 მაისი 2019, 16:30 2161 ნახვა

''ცხადზე ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი ზუგდიდში სიტუაციის არევა, სიტუაციის ე.წ ადუღება იყო, როგორც ისინი ამბობენ, შემდეგ კი ამ ვითარების მთელ საქართველოზე გაავრცელებდნენ'' - განცხადება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა. ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც, რომელიც ექსპრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა, ამის გაგრძელება იყო. 

''პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ზუგდიდიდან არ დაიწყება და ამას ვერ მოახერხებენ. ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სრული დადასტურებაა იმ ინფორმაციისა, რომელიც რამდენიმე საათის წინ, ჩვენმა შტაბმა გაავრცელა. ყველა ნათლად ხედავთ, რომ ზუგდიდში ჩამოსული ადამიანები, მათ შორის სანდრა რულოვსი არც არასოდეს გეგმავდა რეალურად ზუგდიდელების პრობლემებზე საუბარს და ზრუნვას, არამედ, მათი მთავარი საზრუნავი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დებოშის ატეხვა ზუგდიდში და ქაოსი სრულიად საქართველოში'' - ამბობს შტაბის ხელმძღვანელი. 

ირაკლი ჩიქოვანი აქტივისტებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

''გასაგებია, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიით არის ამაზრზენი, არის შეურაცხმყოფელი ზუგდიდელებისთვის, მაგრამ გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, რომ ჩვენ ვიზეიმოთ გამარჯვება. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში გეგა შენგელია ლიდერობს, ეს არჩევნები პირველ ტურშივე დასრულდება'' - თქვა ზუგდიდი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში