სასურველ სკოლაში მოხვედრა დასწრებაზეა - პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია იწყება

20 მაისი 2019, 11:24 4102 ნახვა

თუ თქვენი შვილი უკვე 6 წლისაა და საჯარო სკოლაში შეყვანას გეგმავთ, რეგისტრაციისთვის უნდა მოემზადოთ. 

ხვალ, 21 მაისს, დილის 09:00 საათზე პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება.

სასურველ სკოლაში მოსახვედრად მშობლებს უკვე წლებია დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რადგან ე.წ. პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაში, ვაკანტური ადგილები სწრაფად ივსება. 

სასურველ სკოლაში მოხვდება ბავშვი, ვისი მშობელიც ვებგვერდზე www.emis.ge. განაცხადის ფორმას და მონაცემებს სწრაფად შეავსებს.

წლების განმავლობაში მოსწავლეები, სკოლებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ირიცხებოდნენ, განათლების სამინისტრომ ეს შეზღუდვა მოხსნა და ელექტრონულ რეგისტრაციაზე გადავიდა. ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით აიხსნა, რომ ნებისმიერ მოსწავლეს საშუალება ჰქონოდა, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად ნებისმიერ სკოლაში ესწავლა.  

ახალმა წესებმა ახალი გამოწვევები გააჩინა. შეიძლება სკოლა თქვენს უბანში, კორპუსის წინ იყოს, მაგრამ თუ რეგისტრაციას დააგვიანებთ, თქვენი შვილი იქ ვერ მოხვდება.

ელექტრონული რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, სკოლებში დოკუმენტაციის წარდგენა მოგიწევთ, ამისთვის კი ვადა 13-დან 21 ივნისის ჩათვლით გექნებათ. 

სასწავლო დაწესებულებაში ბავშვის დაბადების და მშობლების პირადობის მოწმობის ასლების მიტანაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციას დროულად არ წარადგენთ რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

განათლების სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგისტრაციისას შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ნომერზე 2200220 დარეკონ.

საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისს დასრულდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში