"პრესტიჟულ სკოლებში" წამებში შევსებული პირველკლასელთა ადგილები - მშობლების მოთხოვნები სამინისტროს

21 მაისი 2019, 14:11 2911 ნახვა

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ქალაქის ე.წ. პრესტიჟულ სკოლებში, ყველა თავისუფალი ადგილი შეივსო.

მშობლები წერდნენ, რომ მათთვის სასურველ სკოლაში ვაკანტური ადგილები ისედაც მცირე იყო და ძალიან სწარაფად შეივსო.

მაგალითად, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააზუსტა, რომ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, ელექტრონული რეგისტრაციისთვის, 9 ადგილი იყო თავისუფალი. 125 ადგილიდან, 116 ბავშვი პირველ და მეორე ეტაპზე დარეგისტრირდნენ. ისინი სკოლის თანამშრომლების შვილები,  სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები ან ამავე სკოლის მოსწავლეების დედმამიშვილები იყვნენ. დარჩენილი ცხრა ადგილი კი, დღეს დილით რამდენიმე წამში შეივსო.

მშობლები განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლებში შესძლონ ბავშვების მიყვანა. 

''მესამე სკოლაში მსურდა შვილის რეგისტრაცია, თუმცა ვერ მოვახერხე, საიტი სადაც რეგისტრაცია უნდა გაგვევლო პროგრამა გაიჭედა. მოვედი ახლა რესურს ცენტრში და იმედია დამეხმარებიან, ამ სკოლასთან ვცხოვრობ ახლოს და იმიტომ მინდოდა ამ სკოლაში რეგისტრაცია'' - ამბობს დარეჯან ბურჭულაძე. 

ბათუმში არსებული 27 სკოლიდან ნახევარზე მეტში ადგილები აღარ არის, ქალაქის მაშტაბით 290-მდე ადგილია დარჩენილი, რომელიც ძირითადად როგორც რესურს ცენტრში გვეუბნებიან ქალაქის გარეუბნებში შემოერთებულ ტერიტორიაზეა.

სამინისტროში საუბრობენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე სკოლების დეფიციტია. მათი განცხადებით განათლების სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს ახალი სასკოლო კორპუსების მშენებლობას.

რა არის გამოსავალი?

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, დღეს სკოლებში დირექტორები ამბობენ, რომ ამ რეგისტრაციაში უნდა იყოს გარკვეული შეღავათები სკოლასთან ახლოს მცხოვრებლებისთვის.

''ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საჯარო სკოლებში ადგილები აღარ არის, თავისუფალი ადგილები მხოლოდ გარე უბნებშია დარჩენილი. ბუნებრივია რადგან მიმდინარეობს ელექტრონული რეგისტრაცია ყველა მშობელმა შვილის დარეგისტრირება მათთვის სასურველ სკოლებში ვერ მოასწრო. მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ იმ სკოლებში სადაც არის თავისუფალი ადგილები. ქალაქში პირველ კლასში მისაღები მოსწავლეთა რაოდენობა მატულობს და აქედან გამომდინარე სკოლების რაოდენობა საკმარისი არ არის.საჭიროა დამატებით ახალი კორპუსების აშენება რასაც სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს," - ამბობს მაუწყებელთან ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე. 

მიმდინარე წელს პირველ კლასელთათვის ქალაქის 27 სკოლაში სულ 2610 ადგილი იყო გამოყოფილი. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია რაც გასულ წლებში იყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში