სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ლექტორი, ლექციებს დროებით ვერ ჩაატარებს

22 მაისი 2019, 12:10 7209 ნახვა

პროფესორს, რომელსაც სტუდენტი სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ განრიდება ლექტორთან შეთანხმებით მოხდა, მანამ ვიდრე ვითარება საბოლოოდ არ გაირკვევა. პარალელურად, საკითხის შესწავლას სასწავლებლის ეთიკური საბჭო გეგმავს. ფაკულტეტის დეკანი ამბობს, რომ საქმისწარმოების დასაწყებად სტუდენტის წერილობით განცხადებას ელოდებიან.

ლექტორის შესახებ პრეტენზია სტუდენტმა ორი დღის წინ საჯაროდ გამოთქვა. თქვა, რომ პროფესორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიმოწერას, სადაც ის ფოტოების გაგზავნას თხოვდა. უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ პროფესორი მივლინებით უცხოეთში იმყოფება. ტელეფონით დაკავშირება მასთან ვერ შევძელით.

 სტუდენტმა უკვე მიმართა შსს. უწყებაში  გვითხრეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღიძრა, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით.

სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე, სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში