ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის საქმეზე, ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა 

23 მაისი 2019, 10:38 3073 ნახვა

გუშინ, 22 მაისს, პოლიციელებმა კასპში არასრულწლოვანი გოგო დააკავეს, რომელსაც პოლიცია 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. 17 წლის გოგომ დანაშაული აღიარა და ის თბილისში დააკავეს, სადაც ბავშვის გარდაცვალების შემდეგ წავიდა.

გამოძიების ვერსიით, 17 წლის დედა სახლიდან გვიან ღამით გაიქცა თან ძვირფასეულობა და ტანისამოსი წაიღო. 

ბავშვის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.  პარალელურად კი, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, როგორ მოხდა არასრულწლოვანის ქორწინება ისე, რომ საქმე არ აღძრულა არასრულწლოვანთან  სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს, როცა ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი სახლიდან წავიდა, მაშინ ის 15 წლის იქნებოდა, პოლიციაში შეტყობინება შევიდა. პოლიციას მიმართა იუსტიციის სამინისტრომაც, როცა ბავშვი შეეძინა არასრულწლოვანს.  ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.

"2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ასევე, 2018 წლის ოქტომბერში სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე  კი გამოძიება არ დაწყებულა" წერია შსს განცხადებაში.

გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.

გენერალური ინსპექციამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. ამის შემდეგ დადგინდება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში